ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი, ნოდარ თოფურიძე იუმორისტ და აქტივისტ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას ეხმიანება.
"ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს ან იდიოტის. ესაა ჩემი კომენტარი", - წერს ნოდარ თოფურიძე.
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს თავს გუშინ დაესხნენ - მას სადარბაზოსთან 3 პირი დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა.
შსს-ს ინფორმაციით, ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაიკითხა.
ცნობისათვის, იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ოქრიაშვილის მეუღლემ განაცხადა, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება მწერალ ნოდარ დუმბაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
ოქრიაშვილის ცოლის ინფორმაციით, "მას დაგლეჯილი ჰქონდა ტანსაცმელი, სისხლიანი ჰქონდა ხელი, დაწითლებული აქვს კისერი და თავში ურტყამდნენ".
რამდენიმე დღის წინ, ონისე ოქრიაშვილმა ერთ-ერთ პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის შესახებ ისაუბრა, რაც ცალკეული ჯგუფების მხრიდან შეურაცხყოფად შეფასდა. ამ თემაზე სამთავრობო მედიამ სიუჟეტებიც მოამზადა. ამას ვიდეომიმართვით თავად ონისე ოქრიაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდეო, რომლის საფუძველზეც მას „აშავებენ“, კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი და მწერალს კი არ მიაყენა შეურაცხყოფა, არამედ ჰიპოთეზურად განასახიერა აბსურდული ადამიანი, რომელსაც ნოდარ დუმბაძე ეზიზღება.“სულ რომ ბოლო ადგილზე იყო ტექსტის და მოსმენილის გააზრების რეიტინგში, აქ ხომ სავსებით ნათელია, რომ [ნოდარ დუმბაძის მიმართ] გინება კი არ არის, ჰიპოთეზურად ვლაპარაკობთ, ვინ შეიძლება ეზიზღებოდეს ამ ადამიანს და ყველაზე აბსურდული [ვარიანტი] რაც მახსენდება მაგ მომენტში, ვამბობ ნოდარ დუმბაძეს”, –- განაცხადა ონისე ოქრიაშვილმა