თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ დაუშვებელია, ომი შავ ზღვაში გავრცელდეს.
ამის შესახებ მან კიევში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიჰასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„როგორც ყოველთვის ვაცხადებთ, კატეგორიულად არ გვსურს, რომ ომი შავ ზღვაში გავრცელდეს. შავ ზღვაში მშვიდობის შენარჩუნება აუცილებელი პირობაა. პორტებზე, ტანკერებსა და თევზსაჭერ გემებზე მიზანმიმართული თავდასხმები, რომლებიც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, მიუღებელია“, - აღნიშნა ფიდანმა.
„პორტებზე, ტანკერებსა და თევზსაჭერ გემებზე თავდასხმები, ისევე როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს გამართლებული“, განაცხადა ფიდანმა და ყველა მხარეს თავშეკავებისა და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ კონფლიქტის დაწყებიდანვე არსებობდა მისი გაფართოების სერიოზული საფრთხე, ხოლო შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა ბოლო მოვლენებმა ეს შეშფოთება კიდევ უფრო გააძლიერა.
ფიდანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შავ ზღვაში სტაბილურობის შენარჩუნება თურქეთის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ანკარა აგრძელებს ახალი სტრატეგიული მიდგომების ძიებას, რათა რუსეთ-უკრაინის ომში არსებული „ჩაკეტილი წრიდან“ გამოსავლის პოვნა შეძლოს.
მისი თქმით, უკვე არსებობს ახალი იდეები, რომლებიც განიხილება როგორც კონფლიქტის მხარეებთან, ისე შუამავლებთან.
ფიდანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გაგრძელება სტამბოლის ფორმატში, თურქეთის შუამავლობით, „უკიდურესად მიზანშეწონილია“.
მისი თქმით, სტამბოლის პროცესმა მხარეების წარმომადგენლებს სხვადასხვა დონეზე უფრო გამჭვირვალე თანამშრომლობისა და პირდაპირი დიალოგის შესაძლებლობა მისცა.
ფიდანმა ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი კონტაქტები რეგულარულად უნდა გაგრძელდეს.
„ომის გაგრძელება სულაც არ ნიშნავს, რომ ასეთი ფორმატის მოლაპარაკებები ვერ გაიმართება“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.