ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ქვეყნის დაზვერვას აქვს ინფორმაცია რუსეთის გეგმების შესახებ, რომლებიც ბალტიის რეგიონში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე შესაძლო თავდასხმას უკავშირდება.
მისი თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, როდის და სად შეიძლება განხორციელდეს ეს თავდასხმები.
„ჩვენ ასეთ სიგნალებს ჩვენი სპეცსამსახურებისგან ვიღებთ. ისინი არ გვაძლევს შესაძლებლობას, ზუსტად განვსაზღვროთ კონკრეტული ადგილი ან დრო, რადგან მოწინააღმდეგეს დაგეგმვა ჯერ არ დაუსრულებია. ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ ასეთი მომზადება მიმდინარეობს ან განსაზღვრულია შესაძლო სამიზნე“, - განაცხადა ნაუსედამ.
ნაუსედას თქმით, მსგავსი თავდასხმების მიზანი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ფიზიკური დაზიანებაა. მისი განმარტებით, ასეთი იერიშები შესაძლოა განხორციელდეს როგორც ჩვეულებრივი სამხედრო საშუალებებით, ისე სხვა მეთოდებით - „ყველაფრით, რასაც ამ ობიექტების ფუნქციონირების შეჩერება შეუძლია“.
მისი თქმით, პრევენციული ზომების ფარგლებში, ლიეტუვა ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაცვის ზომებს აძლიერებს.