ხვალ, 21 თებერვალს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ბრალდებულის ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განუცხადა, პროცესზე მტკიცებულებათა გამოკვლევა გაგრძელდება.
"სასამართლო გადავიდა 339-ე მუხლით (ქრთამის მიცემა) გათვალისწინებული დანაშაულის განხილვის ეტაპზე. ამჟამად მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს", - განაცხადა ბექაურმა.
მისივე განმარტებით, თავად განსასჯელი პროცესს არ დაესწრება. რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ბექაურის თქმით, გამსახურდია ამჟამად თავს კარგად გრძნობს.
ცოტნე გამსახურდია 2009 წლის 27 ოქტომბერს, განზრახ მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დააკავეს. მოგვიანებით მას კიდევ ერთი ბრალდება - პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების ერთ-ერთი კონტროლიორისთვის ქრთამის მიცემა დაემატა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების 9 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიუსაჯა.
მასალის გამოყენების პირობები