თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების ინიციატივებში უნდა ჩაერთოს.
ამის შესახებ ინფორმაციას AFP ავრცელებს
აღნიშნული განცხადება გაკეთდა ნატო-ს ლიდერების შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე, რომელიც ანკარაში 7–8 ივლისს უნდა გაიმართოს იმ ფონზე, როცა ევროპის ქვეყნები ზრდიან თავდაცვის ხარჯებს და იარაღის წარმოებას რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომისა და აშშ-ის შესაძლო დისტანცირების შიშის გამო.
ერდოღანმა სტამბოლში, ნატო-ს 32 წევრი ქვეყნის პარლამენტების დელეგატების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ თურქეთის „აუცილებელი წვლილი ევროპის უსაფრთხოებაში ზოგჯერ უყურადღებოდ რჩება“.
მისი თქმით, თურქეთი ცდილობს „მონაწილეობა მიიღოს კონტინენტის ყველა თავდაცვისა და უსაფრთხოების ინიციატივაში“.
საუბარია ევროკავშირის 150 მილიარდ ევროიან პროგრამა SAFE-ზე („ევროპის უსაფრთხოების ზომები“), რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივი სამხედრო შესყიდვების მხარდაჭერას და ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერებას.
მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად თურქეთი აკმაყოფილებს SAFE-ში ჩართვის კრიტერიუმებს, ამისთვის საჭიროა ევროკავშირის 27 წევრის ერთსულოვანი თანხმობა, ხოლო საბერძნეთი ამ გადაწყვეტილების დაბლოკვით იმუქრება.
„ჩვენ ველით თქვენს მხარდაჭერას, პატივცემულო კანონმდებლებო, თურქეთის ჩართვის საკითხში ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების ინიციატივებში“, - განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის ლიდერმა ასევე მოუწოდა ნატო-ს, მოხსნას ყველა ბარიერი, რომელიც ხელს უშლის ალიანსის წევრებს შორის თავდაცვის პროდუქციის ვაჭრობას.
„ბარიერების მოხსნა თავდაცვის ინდუსტრიის ვაჭრობაში და ამავე დროს ტვირთის სამართლიანი და დაბალანსებული განაწილება მოკავშირეებს შორის“, - თქვა ერდოღანა.