რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკა მინსკის მისამართით ზელენსკის მუქარის საკითხს განიხილავენ.
მისი თქმით, ზელენსკის მუქარა ბელარუსის მიმართ წარმოადგენს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფას.
„თქვენ იცით, რომ ბელარუსის პრეზიდნეტმა ისაუბრა ამასთან დაკავშირებით. კონტაქტები მასა და პუტინს შორის დაგეგმილია მოკლევადიან პერსპექტივაში. ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ ეს და სხვა საკითხები იყოს განხილული. მუქარა ნამდვილად აგრესიულია – ჩარევა სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში, სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფა. თუმცა ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ბეალრუსის ხელმძღვანელობას, თავად ბელარუსს შეუძლია, უზრუნვლეყოს საკუთარი სუვერენიტეტი“, – განაცცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, 19 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკას ერთი კვირა აქვს იმ რეტრანსლატორების მოსახსნელად, რომლებიც რუსული დრონების მიერ უკრაინის ქალაქებზე თავდასხმების კორექტირებას უზრუნველყოფენ. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინა ამას თავად გააკეთებს.