ივანიშვილის გუნდი შუა საუკუნეობრივი შურისძიების მეთოდებით ცდილობს, რომ საკუთარი ინტერესები გაატაროს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე 7 პირის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს.
მისი თქმით, შვიდი მოქალაქე არის იმ პროვოკაციის მსხვერპლი, რომელიც „ანტი-ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილმა დაგეგმეს
"ივანიშვილის გუნდი შუა საუკუნეობრივი შურისძიების მეთოდებით ცდილობს, რომ საკუთარი ინტერესები გაატაროს. მისი მიზანია, უახლოეს მომავალში ტყვეებით, თავებით, ადამიანებით, მათ შორის აკადემიკოსებით, პროფესიული წრეებით, მშენებლებით, პატრიოტი მოქალაქეებით გაავსოს ტყვეების ის კალათა, რომლითაც შემდეგ უნდა ივაჭროს მხოლოდ პერსონალური მერკანტილური ინტერესების დასაცავად. ივანიშვილს არ ანაღვლებს არაფერი, გარდა საკუთარი ფინანსების უსაფრთხოებისა.
მაშინ, როცა მთელი დასავლური სამყარო ჩამოყალიბებულია იმაზე, რომ ივანიშვილი, მურუსიძის სასამართლო და მას დაქვემდებარებული პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი პროკურატურა აკეთებს მხოლოდ ივანიშვილის საქმეს და მომავლის პროგნოზი აჩვენებს იმას, რომ მოსალოდნელია პერსონალური პასუხისმგებლობების დაყენება, მათ შორის სანქციების სახით ივანიშვილზე, ივანიშვილი დაკავებულია შუასაუკუნეობრივი შურისძიებით, ტყვეთა სყიდვით, რაც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულია.
ამ შვიდი მოქალაქისთვის თავისუფლების აღკვეთა, მათი საპატიმროში გამოკეტვა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, იმით, რომ ისინი არ აღიარებენ პროკურატურის და მურუსიძის სასამართლოს მიერ შეთავაზებულ მძიმე ბრალდებებს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის დავალება, რომელსაც ასრულებს, ერთი მხრივ, ძალადობრივი, დანაშაულებრივი პროკურატურა, რომელმაც არ გამოიძია არცერთი თავდასხმა საქართველოს მოქალაქეებზე, ჟურნალისტთა კორპუსზე, სამოქალაქო სექტორზე, ამის პარალელურად მურუსიძის სასამართლო ადებს საბოლოო ბეჭედს იმ უკანონობას და ძალადობას, რაც ივანიშვილმა ანტიქართულმა "ოცნებამ" დააკანონა. სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა ყველა პოლიტიკურ პატიმარს", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.