ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცისთვის საფრთხე გაიზარდა იმ ინციდენტების ფონზე, რომლებიც მათ ტერიტორიაზე დრონების შეჭრას უკავშირდება.
ნაუსედამ ეს განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან, ასევე ლატვიისა და ესტონეთის ლიდერებთან შეხვედრის დროს გააკეთა.
შეხვრის მთავარი თემები ბალტიის რეგიონში უსაფრთხოების ვითარება, ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრის დაცვა, საჰაერო თავდაცვისა და ანტიდრონული სისტემების გაძლიერება, კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება და ევროპული თავდაცვითი ინდუსტრიის განვითარება იყო.
მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე სანქციური ზეწოლის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობა.
ნაუსედას თქმით, ბოლო მოვლენები ცალკეულ შემთხვევებად არ უნდა შეფასდეს, რადგან ისინი უფრო ფართო უსაფრთხოების ტენდენციის ნაწილია.
„გასულ კვირას ლიეტუვისა და სხვა ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეში, ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვართან, დრონებთან დაკავშირებული ინციდენტები დაფიქსირდა. ეს არ არის ერთჯერადი პროვოკაციები ან შემთხვევითი მოვლენები. ეს არის რუსეთის აგრესიის პირდაპირი შედეგი უკრაინის წინააღმდეგ და კიდევ ერთი შეხსენება იმისა, თუ რამდენად ახლოს გრძელდება ომი“,- განაცხადა გიტანას ნაუსედამ.
ვითარების შეფასებისას ლიეტუვის პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა ჰიბრიდული საფრთხეების გაფართოებაზე.
„დღეს ბალტიის ქვეყნების ცა უკვე საკმარისად უსაფრთხო აღარ არის. ჩვენ მზარდ ზეწოლას ვაწყდებით - დრონების შეჭრიდან და ელექტრონული ჩარევიდან დაწყებული, საინფორმაციო თავდასხმებითა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ საბოტაჟის საფრთხეებით დასრულებული. ეს ევროპის უსაფრთხოების ახალი რეალობაა“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.