აშშ-ის სახაზინო მხიბანმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ აპირებს იმ შეღავათების გაგრძელებას, რომელიც რუსული და ირანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვას შესაძლებელს ხდიდა, მათ შორის იმ ტვირთებისთვისაც, რომლებიც ამჟამად ზღვაშია.
ამის შესახებ მან Associated Press-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ბესენტის თქმით, ირანული ნავთობისთვის ერთჯერადი გამონაკლისის გაგრძელება საერთოდ არ განიხილება.
„რაც შეეხება ირანს – არანაირი გამონაკლისი არ იქნება. მოქმედებს ბლოკადა და ნავთობი ბაზარზე არ გადის. ჩვენი შეფასებით, უახლოეს ორ-სამ დღეში მათ შესაძლოა მოპოვების შეჩერება მოუწიოთ, რაც სერიოზულ ზიანს მიაყენებს მათ საბადოებს“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, ირანული ნავთობი ფაქტობრივად სრულ ბლოკადაშია და საერთაშორისო ბაზარზე ვერ ხვდება.
13 მარტს შეერთებულმა შტატებმა გასცა ნებართვა იმ რუსული ნავთობის გაყიდვაზე, რომელიც იმ დროისთვის უკვე დატვირთული იყო ტანკერებზე და ზღვაში იმყოფებოდა. გადაწყვეტილების მიზანი იყო ნავთობის ფასების სტაბილიზაცია, რომლებიც იმ პერიოდში ბარელზე 100 დოლარს აღემატებოდა. აღნიშნული გამონაკლისები 11 აპრილამდე მოქმედებდა.
18 აპრილს აშშ-მა დამატებით კიდევ 30 დღით შეაჩერა სანქციების მოქმედება იმ რუსულ ნავთობზე, რომელიც უკვე დატვირთული იყო ტანკერებზე და ზღვაში იმყოფებოდა. ამასთან, ამერიკული ადმინისტრაციის წარმომადგენლები საჯაროდ აცხადებდნენ, რომ გამონაკლისების გახანგრძლივებას არ გეგმავდნენ.
სკოტ ბესენტმა განმარტა, რომ რუსეთისთვის სანქციების დროებითი შემსუბუქების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეხვედრების ფარგლებში ყველაზე ღარიბი ქვეყნების წარმომადგენლების მიმართვების შემდეგ.