აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატო-დან აშშ-ის შესაძლო გასვლის შესახებ განცხადებების გამო არა მხოლოდ დემოკრატების, არამედ რესპუბლიკური პარტიის კრიტიკის ობიექტი გახდა.
სენატორმა კრის კუნსმა (დემოკრატი, კალიფორნია) და სენატორმა მიტჩ მაკკონელმა (რესპუბლიკელი, არიზონა), ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ნატო ისტორიაში ყველაზე წარმატებული სამხედრო ალიანსია და 70 წელზე მეტია მხარს უჭერს შეერთებული შტატების უსაფრთხოებას.
„ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ნატო ომში ჩაერთო, შეერთებულ შტატებზე თავდასხმის საპასუხოდ იყო. ნატო-ს ჯარისკაცები იბრძოდნენ და დაიღუპნენ ავღანეთსა და ერაყში ამერიკის ძალებთან ერთად.
შეერთებულ შტატებს ამ მსხვერპლის მიმართ ზერელე დამოკიდებულება არ უნდ ჰქონდეს და არც ჩვენი მოკავშირეების მზადყოფნას [ელოდოს], რომ ის კვლავ გაიღონ“, - აღნიშნეს სენატორებმა.
მათ ხაზი გაუსვეს, რომ ნატო-ს დავები ისეთივე ძველია, როგორც თავად ალიანსი, თუმცა ამერიკელები თავს უფრო დაცულად გრძნობენ, როდესაც ნატო ძლიერი და ერთიანია.
„ჩვენს ინტერესებშია, რომ ყველა მოკავშირემ დააფასოს ეს ერთიანობა. შეერთებული შტატები ნატო-ში 1949 წელს გაწევრიანდა, როდესაც სენატმა ნატო-ს ხელშეკრულების რატიფიცირებას მისცა ხმა და შეერთებული შტატები წევრად დარჩება. სენატი გააგრძელებს ალიანსის მხარდაჭერას იმ მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, რომელსაც ის უზრუნველყოფს ამერიკისთვის, ევროპისა და მსოფლიოსთვის“, - განაცხადეს კუნსმა და მაკკონელმა.
შეგახსენებთ, რომ ტრამპმა განაცხადა, რომ სერიოზულად განიხილავს აშშ-ის ნატოდან გასვლის შესაძლებლობას, მოკავშირეების პოზიციის გამო ირანში ომთან დაკავშირებით.