სლოვაკეთის პოლიციამ პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო ოპოზიციური პარტია „თავისუფლებისა და სოლიდარობის“ ლიდერის, ბრანისლავ გროლინგის საჩივრის საფუძველზე. ამის შესახებ სლოვაკური მედია იტყობინება.
გერლინგის თქმით, ერთი თვის წინ მან მოითხოვა ფიცოს წინააღმდეგ დანაშაულებისთვის, მათ შორის ღალატისთვის, გამოძიება, რომელიც დაკავშირებულია პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებასთან, უკრაინისთვის საგანგებო ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის შესახებ.
„თავისუფლებისა და სოლიდარობის“ ლიდერმა განაცხადა, რომ ფიცოს წინააღმდეგ პეტიციას 13 000-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი, რაც მას ქვეყნის ისტორიაში „ყველაზე მასშტაბურ“ მოწოდებად აქცევს.
საჩივარი თავდაპირველად გენერალურ პროკურატურაში შევიდა, რომელმაც შემდეგ პოლიციას გადაუგზავნა. „ჩვენ ვაფასებთ, რომ როგორც პროკურატურა, ასევე პოლიცია ზომებს იღებს და ამ ამბავს არ მალავს“, - აღნიშნა გრელინგმა.
რობერტ ფიცომ თებერვალში განაცხადა, რომ სლოვაკეთი უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდებას წყვეტდა. ფიცომ მიწოდების შეწყვეტა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „მტრულ ქმედებებს“ მიაწერა. ასეთ ქმედებებს შორის პრემიერ-მინისტრმა რუსული გაზის ტრანზიტის, ასევე „დრუჟბას“ მილსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდების შეჩერება დაასახელა.
სლოვაკეთი და უნგრეთი რუსეთიდან ნავთობს „დრუჟბას“ მილსადენის მეშვეობით იღებენ. იანვარში „დრუჟბას“ მილსადენის მეშვეობით გადაზიდვები შეჩერდა. უკრაინამ განაცხადა, რომ მილსადენი რუსეთის დარტყმის შედეგად დაზიანდა.
უნგრეთისა და სლოვაკეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინამ განზრახ შეწყვიტა მიწოდება.