უნგრეთმა უკრაინისთვის გაზის მიწოდება შეწყვიტა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას შეწყვეტს იქამდე, ვიდრე „დრუჟბას“ მილსადენით უნგრეთში ნავთობის მიწოდება არ აღდგება.
„ვიდრე უკრაინა ნავთობს არ მოგვაწვდის, ისინი უნგრეთიდან გაზს ვერ მიიღებენ. ჩვენ დავიცავთ უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, შევინარჩუნებთ ბენზინის დაცულ ფასებს და გაზის შემცირებულ ფასებს“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
ცნობისთვის, სლოვაკეთსა და უნგრეთს ნავთობი უკრაინის გავლით „დრუჟბას“ ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ აღარ მიეწოდებათ. უკრაინის განცხადებით, ამის მიზეზი ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმაა, ხოლო სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინას ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მტკიცებით, „დრუჟბას“ „ტექნიკური პრობლემები არ აქვს და მისი შეჩერების მიზეზი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“.