უკრაინის ელჩმა დიდ ბრიტანეთში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ თუ ახალი უსაფრთხოების სისტემა არ შეიქმნება, უკრაინა, შესაძლოა, ახალი ომის წინაშე აღმოჩნდეს.
ლონდონში, საერთაშორისო ურთიერთობები სამეფო ინსტიტუტში, „ჩეთემ ჰაუსში“ სიტყვით გამოსვლისას ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ოთხი წლის განმავლობაში წარმოებული ომი გლობალურ კონფლიქტად იქნას განხილული.
„მოდით, ვიყოთ გულახდილები და ვაღიაროთ, რომ 2023 წლის დეკემბრიდან ეს აღარ არის მხოლოდ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის კონფლიქტი, არამედ გლობალური პრობლემაა. გლობალურ პრობლემებს კი გლობალური გადაწყვეტილებები სჭირდება. რას ნიშნავს ეს? უნდა არსებობდეს გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ შორეულ ან უახლოეს მომავალში - ვთქვათ, მომდევნო 100 წლის განმავლობაში - რუსეთი ვეღარ შეძლებს ჩვენს წინააღმდეგ ომის წარმოებას“, - განაცხადა ზალუჟნიმ.
ზალუჟნის მიანია, რომ ამ ეტაპზე, საერთაშორისო ასპარეზზე არსებული არცერთი გლობალური მოთამაშე არ არის მზად ასეთი გადაწყვეტილებების განსახორციელებლად.
„ბევრ მათგანს აქვს ბირთვული იარაღი, მაგრამ არ ჰყავთ ჯარისკაცები, რომლებიც მზად არიან ფრონტის ხაზზე საბრძოლველად. ზოგიერთს აქვს რესურსები, მაგრამ მათ არ შეუძლიათ საჭირო რაოდენობის იარაღის წარმოება“, - აღნიშნა მან.
„ყველა ვხედავთ, რომ ომი შეიძლება ახლავე დასრულდეს, მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება. თუ ომი ახალი უსაფრთხოების სისტემის გარეშე დასრულდება, ეს კიდევ ერთ ომამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა ზალუჟნიმ.