უკრაინამ ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ პერსონალური სანქციები დააწესა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
„ალექსანდრ ლუკაშენკა დიდი ხანია ბელარუსის სუვერენიტეტს პირად ძალაუფლებაზე ცვლის, რუსებს ამ აგრესიის გამო საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, აქტიურად ამართლებს რუსეთის ომს და ახლა ზრდის საკუთარ მონაწილეობას ომის მასშტაბირებასა და გაჭიანურებაში. ამას განსაკუთრებული შედეგები მოჰყვება“, - წერს ზელენსკი.
ზელენსკიმ გაიხსენა, რომ 2025 წელს რუსეთის არმიამ ბელარუსში თავდასხმის დრონების მართვის სისტემა განათავსა, რამაც გაზარდა უკრაინის ჩრდილოეთ რეგიონებზე დარტყმის შესაძლებლობა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ასეთი დახმარების გარეშე, რუსეთის მხრიდან უკრაინის რეგიონებში ენერგეტიკულ ობიექტებსა და რკინიგზაზე თავდასხმების რაოდენობა ნაკლები იქნებოდა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 3 000-ზე მეტი ბელარუსული საწარმო „მუშაობს რუსეთის საომარი მოქმედებებისთვის“ - ისინი ამარაგებენ კრიტიკულად მნიშვნელოვან აღჭურვილობას, მანქანა-დანადგარებს და კომპონენტებს, განსაკუთრებით რაკეტების წარმოებისთვის.
„ასევე მიმდინარეობს ბელორუსის ტერიტორიაზე საშუალო რადიუსის რაკეტების - „ორეშნიკის“ განლაგების ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც აშკარა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინელებს, არამედ ყველა ევროპელს“, - თქვა ზელენსკიმ.