ENG / RUS       12+

ნატა მურვანიძე: ხელისუფლებაში თუ ჭკუა აქვთ, თავადაც უნდა გაერთიანდნენ ორგანიზაციაში "დაიცავი საქართველო!"

რესპოდენტის შესახებ

გასულ კვირას საზოგადოებრივი ორგანიზაცია "დაიცავი საქართველო" დაფუძნდა. ორგანიზაციის დაფუძნებას მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომელთაც ორგანიზაციის დაფუძნება ოპოზიციის საეჭვო დაფინანსებას დაუკავშირეს. "დაიცავი საქართველოს" წევრები, საზოგადოების ცნობილი სახეები აცხადებენ, რომ ორგანიზაციას არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან და მით უმეტეს, საეჭვო დაფინანსებასთან. მათ მიაჩნიათ, რომ ორგანიზაციის დაფუძნების აუცილებლობა საზოგადოებრივი აზრის მომწიფებამ გამოიწვია და ამას კონკრეტული მიმართულების მიცემა სჭირდება იმისათვის, რომ ქვეყანა ჩიხური მდგომარეობიდან უმტკივნეულოდ გამოვიდეს.
"ჯი-ეიჩ-ენი" ესაუბრა მსახიობ ნატა მურვანიძეს, რომელიც ორგანიზაციაში ერთ-ერთი პირველი გაწევრიანდა.

_ რა არის ამ ორგანიზაციის დაარსების მიზანი და რა მოტივით მიიღეთ გადაწყვეტილება ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ?

_ ყველა ამ ქვეყანაში მცხოვრები, ვისაც სურს, რომ საქართველო ნახოს ისეთი, როგორსაც იმსახურებს, გაწევრიანდება ამ ორგანიზაციაში. ვფიქრობ, უკეთესი ქვეყანა, უკეთესი ადგილი არ არსებობს და მგონია, რომ ჩვენ არ ვუვლით მას. დედაჩემი მთელი ცხოვრება მასწავლიდა, რომ შენს ქვეყანას უნდა მოუარო. როდესაც ის ქუჩაში ნახავდა ბოთლს, აუცილებლად აიღებდა და ნაგავში ჩააგდებდა. იმიტომ, რომ ესეც შენი სამშობლოა და ნუ გაქვს რაღაცა დიდის შეგრძნება. ჩემი სამშობლო იწყება ქუჩიდან. ქუჩაში რომ არ გადააგდებ, არ დაანაგვიანებ და ა. შ. ამ მიდგომით, რომ ყველამ პატარ-პატარა რაღაც აკეთოს ამ ქვეყნისთვის, მართვაზე არ არის ლაპარაკი, პატარ-პატარა საქმეებისთვის რომ გავერთიანდეთ და მოვუაროთ ამ ქვეყანას, ის აჯობებს. ეს ყველას ეხება.

_ როგორ ფიქრობთ, შეძლებს თუ არა ეს ორგანიზაცია სერიოზული გავლენის მოხდენას საზოგადოებაზე.

_ ეს ორგანიზაცია არ იქმნება იმისათვის, რომ საზოგადოებაში ამინდი შექმნას. საზოგადოებაში ამინდი უკვე შექმნილია. ეს ორგანიზაცია იქმნება იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს თავისი ფუნქციის შეგრძნება, მოვალეობის შეგრძნება ამ ქვეყნის წინაშე.

_ თქვენი შეხედულებით, რა ვალდებულებებს ითვალისწინებს ეს?

_ ვალდებულებებს ყველა იღებს თავის თავზე, ოღონდ ყველა ოჯახის წინაშეა ვალდებული და ქვეყნის წინაშე თითქოს არა. ამიტომ მგონია, რომ ეს გააერთიანებს და გაამთლიანებს ძალიან ბევრ ადამიანს და საერთო ჯამში ძალიან კარგ საქმეს გააკეთებს საზოგადოებისთვის.

_ თუ აღმოჩნდება, რომ ეს საზოგადოებრივი ორგანიზაცია ჩამოყალიბდება როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, თქვენ დარჩებით და გააგრძელებთ მუშაობას?

_ არა, მე მაქვს ჩემი საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს და მგონია, რომ ამ საქმით ვემსახურები ჩემს ქვეყანას. პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბების შემთხვევაში, არ დავრჩები ორგანიზაციაში, ისევ და ისევ ჩემი ქვეყნის სიყვარულიდან გამომდინარე. ის, რაც ძალიან კარგად ვიცი, არ ნიშნავს, რომ ყველაზე კარგად ვიცი, მაგრამ რაც ვიცი, იქედან ყველაზე კარგად ჩემი პროფესია ვიცი და ქვეყანას სწორედ ამით გამოვადგები.

_ ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ ორგანიზაციის უკან დგას ყოფილი შს მინისტრი კახა თარგამაძე. თქვენ როგორ უპასუხებდით ხელისუფლების ამ განცხადებას?

_ ვიცი, რომ ჩემ უკან არ დგას ნამდვილად. ამას სრული პასუხისმგებლობით გეტყვით. დარწმუნებული ვარ, არც იმ ათასობით ადამიანის უკან იდგება კახა თარგამაძე, რომლებიც ამ ორგანიზაციაში გაწევრიანდებიან. შეიძლება თავად კახა თარგამაძე გაერთიანდეს ამ ორგანიზაციაში და არ გამიკვირდება, რომ მას ეს უნდოდეს. მე ის მიკვირს, რომ ხელისუფლებას არ სურს ასეთი ორგანიზაციის არსებობა. ხელისუფლება ბედნიერი უნდ იყოს, რადგან არსებობს ამდენი ადამიანი, რომელსაც საქართველოს დაცვა სურს და ეს არ არის "გადასაყრელი" და "ჩასარეცხი" ხალხი. თუ ჭკუა აქვთ, თავადაც უნდა გაერთიანდნენ ამ ორგანიზაციაში.

_ საუბარია ორგანიზაციის საეჭვო დაფინანსებაზედაც...

_ თუ მე ვარ გულუბრყვილო და შეიძლება სხვანაირად არის საქმე (რაშიც ეჭვი მეპარება) და მართლაც ისეთი ვიღაც აფინანსებს ამ ორგანიზაციას, რომ ქვეყანა დაიღუპება, ის ერთი ადამიანი ვერ გააფუჭებს საქმეს. აქ გაერთიანებული ადამიანები იმდენად სუფთად არიან მიმართულნი იმისკენ, რომ მართლა რაღაც გაკეთდეს, ერთი კახა თარგამაძე ნამდვილად ვერ გააფუჭებს ამ საქმეს.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა რიტა ყაველაშვილი

 

ავტორი: . .