კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირადად სთხოვა ვლადიმირ პუტინს, თავი შეეკავებინა კიევზე საჰაერო დარტყმებისგან 1-ელ თებერვლამდე, ვიდრე უკრაინაში ძლიერი ყინვები იქნება
„ნამდვილად, პრეზიდენტმა ტრამპმა პირადად მიმართა პრეზიდენტ პუტინს თავი შეიკავოს კიევზე დარტყმებისგან ერთი კვირის განმავლობაში, 1-ელ თებერვლამდე, რათა შეიქმნას მოლაპარაკებებისთვის ხელსაყრელი პირობები,“ - განაცხადა პესკოვმა.
მან არ დააკონკრეტა, თუ ზუსტად როდის სთხოვა ტრამპმა პუტინს კიევზე დარტყმების შეჩერება.
დამატებით შეკითხვაზე, დათანხმდა თუ არა კრემლი უკრაინის დაბომბვის შეწყვეტის წინადადებას, პესკოვმა უპასუხა: „დიახ, რა თქმა უნდა, იყო პრეზიდენტი ტრამპის პირადი მიმართვა“.
მან არ უპასუხა შეკითხვას, გეგმა ითვალისწინებდა თუ არა ყველა დარტყმის შეჩერებას, თუ მხოლოდ ენერგეტიკულ ობიექტებზე მიმართული დარტყმების შეჩერებაზეა საუბარი.
„მე არაფერი მაქვს დასამატებელი დეტალებთან დაკავშირებით იმაზე, რაც უკვე ითქვა. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვსაუბრობთ მოლაპარაკებების წარმართვისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე“, - აღნიშნა პესკოვმა.