ჩვენთვის წითელი ხაზია „ნაციონალური მოძრაობა“ და ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, ვინც მასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, მათთან არანაირ ერთობას არ განვიხილავთ, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
„გიორგი ვაშაძეს ვისთან აქვს წითელი ხაზები და ვისთან არა, არ ვიცი. ჩვენ ნამდვილად გვაქვს წითელი ხაზები და წითელი ხაზი ჩვენთვის ნამდვილად არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, ვინც მასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, მათთან არანაირ ერთობას არ განვიხილავთ. ვსვამთ კითხვას, საერთოდ ვინ გადაწყვიტა, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის გაერთიანება, ყველაზე სწორი გზაა „ოცნების“ წინააღმდეგ საბრძოლველად? პირადად მე ასე არ ვფიქრობ. „ოცნება“ თავად არის დაინტერესებული, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ ორი პოლუსი იყოს. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, ჩვენი კონკრეტული ტაქტიკა და პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით გავაგრძელებთ მუშაობას „ოცნებისა“ თუ ნებისმიერი პარტიის ამომრჩეველთან, რომ ისინი მაქსიმალურად მოვიმხროთ და დავანახოთ, სად არის სიმართლე. მართალია, ეტაპობრივად, თანმიმდევრულად, მაგრამ, რაც მთავარია, მშვიდობიანად და დემოკრატიულად შევძლებთ „ოცნების“ ოპოზიციაში გადაყვანას“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.