გამოსავალი გირაო კი არ არის, გამოსავალია, რომ პოლიტიკოსმა ყველაფერი გააკეთოს, რათა ხალხთან დარჩეს, პასუხისმგებლობა აიღოს იმ ყველაფერზე, რაც პოლიტიკურ ველზე ხდება, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
„კითხვები არსებობს და ეს ლეგიტიმური კითხვებია. თქვენ კარგად გახსოვთ, რამხელა ამბავი მოჰყვა მაშინ გირაოს არგადახდას. არგადახდა განსაკუთრებულ პოლიტიკურ გმირობად შეირაცხა, არადა, ეს არანაირი გმირობა არ იყო, რადგან ეს ადამიანები, რომლებიც დღეს გირაოს არგადახდის გამო საპატიმროში არიან, 4 ოქტომბერს გარეთ იქნებოდნენ და ძალიან საინტერესო იქნებოდა მათი პოზიცია, რას გააკეთებდნენ, რომ 4 ოქტომბრის ეს უპასუხისმგებლო პროვოკაცია, რომელმაც „ოცნება“ გააძლიერა და ოპოზიცია დაასუსტა, არ მომხდარიყო. შემთხვევით ეს ამ პასუხისმგებლობისგან გაქცევა ხომ არ იყო?! ეს კითხვები არსებობს. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მუნიციპალური არჩევნების ბოიკოტის მასობრივი კამპანია დაიწყო, გახსოვთ მათ მიმართ დასმული ჩვენი საჯარო კითხვა: რა გეგმა ჰქონდათ ბოიკოტის შემთხვევაში? ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდათ. ამიტომ გასაგებია, რომ იმ ვითარებაში მათთვის გირაოს არგადახდით, ერთი მხრივ, ამის გმირობად შერაცხვით, მეორე მხრივ, პასუხისმგებლობისგან გაქცევით, ეს იყო სწორი გამოსავალი. ძალიან საინტერესოა, რას იზამდნენ ეს ადამიანები, საპატიმროში რომ არ ყოფილიყვნენ და ხალხთან ყოფილიყვნენ? აიღებდნენ ამ პასუხისმგებლობას? ან გააკეთებდნენ რამეს იმისთვის, რომ არ მომხდარიყო ის, რაც მოხდა?“ – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.