ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი დავოსში მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე უკრაინის „კეთილდღეობისა“ და ომისშემდგომი რეკონსტრუქციის შესახებ 800 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმების ხელმოწერას გეგმავენ. ამის შესახებ The Telegraph თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის წყაროების ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებდა, რომ მომავალ კვირას თეთრ სახლში გაემგზავრებოდა, რათა საბოლოოდ შეემუშავებინა როგორც ეკონომიკური კეთილდღეობის გეგმა, ასევე ომისშემდგომი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება.
„თუმცა, მისმა ევროპელმა პარტნიორებმა „მსურველთა კოალიციიდან“, მას წასვლა გადააფიქრებინეს და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი შესთავაზეს ტრამპთან შეხვედრის უფრო შესაფერის ალტერნატივად.
ოფიციალური პირების თქმით, გეგმა იყო შეხვედრის გამოყენება ეკონომიკური შეთანხმების დასასრულებლად, რაც რუსეთთან ომის დასრულების წინადადების მთავარი ნაწილია“, - წერს სტატიაში.
აღნიშულია, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართულმა ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა ზელენსკის მოუწოდეს, არ იჩქაროს აშშ-ის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებში, რადგან მიაჩნიათ, რომ ამჟამად ის მხარს უჭერს მათ სურვილს, დაასრულონ ომი კიევისთვის ხელსაყრელი პირობებით.
კეთილდღეობის გეგმა მიზნად ისახავს დაახლოებით 800 მილიარდი დოლარის მოზიდვას ათი წლის განმავლობაში უკრაინისადა მისი ეკონომიკის აღსადგენად
„კიევი იმედოვნებს, რომ ვაშინგტონისთვის ომისშემდგომ რეკონსტრუქციაში მონაწილეობის შეთავაზებით, განსაკუთრებით იმ პროექტებში, რომლებსაც ტრამპი შეიძლება მხარს უჭერდეს, აშშ-ის პრეზიდენტი უფრო მეტად იქნება მზად უზრუნველყოს საიმედო უსაფრთხოების გარანტიები,“ - წერს გამოცემა.
შეთანხმება ეფუძნება გასულ წელს ხელმოწერილ მინერალურ შეთანხმებას, რომელმაც ამერიკელ ინვესტორებს უკრაინაში სამომავლო სამთო პროექტებზე უპირატესი წვდომა მისცა.
ჯერ უცნობია, ხელი მოეწერება თუ არა დავოსში შეთანხმებას, რომელიც გზას უხსნის ბრიტანეთისა და საფრანგეთის ხელმძღვანელობით „მხარდამჭერი ძალის“ შექმნას. თუმცა, ევროპული წყაროები აღნიშნავენ თეთრ სახლთან ურთიერთობებში აშკარა ცვლილებას. ამავდროულად, ვაშინგტონს, ევროპულ დედაქალაქებსა და კიევს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების მიუხედავად,კვლავ არ იკვეთება ვლადიმირ პუტინის მზადყოფნა, დაასრულოს ომი უკრაინაში.