მედიის ცნობით, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ პირველად დაუშვა უკრაინაში სამშვიდობო მისიაში ესპანელ ჯარისკაცების მონაწილეობა.
პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ, სანჩესმა განაცხადა, რომ მომავალი ორშაბათიდან დაიწყებს შეხვედრების სერიას საპარლამენტო ჯგუფების უმრავლესობის წარმომადგენლებთან, რათა განიხილოს ესპანეთის პოტენციური წვლილი უკრაინაში სამშვიდობო პროცესში.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ესპანეთი, „როგორც დიდი ევროპული ქვეყანა“, ჩაერთვება გადაწყვეტილების მიღებაში ცეცხლის შეწყვეტის და უკრაინაში მდგრადი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობის შემთხვევაში.
სანჩესის თქმით, წვლილი უნდა მოიცავდეს როგორც აღდგენით სამუშაოებს, ასევე „სამხედრო შესაძლებლობებს“.
შეკითხვაზე, განიხილავდა თუ არა ის ესპანელი ჯარისკაცების პოტენციურ საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის შესაძლებლობას, სანჩესმა უპასუხა, რომ ესპანეთმა უკვე აჩვენა მსგავსი ნაბიჯები „მსოფლიოს სხვა კუთხეებში“.
„თუ ეს მსოფლიოს სხვა ნაწილებში გავაკეთეთ, რატომ არ შეგვიძლია ამის გაკეთება ევროპაში?“ - თქვა მან.