აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველმა და სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა, პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ამერიკისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებები 7 იანვარს გააგრძელებდა. ამის შესახებ უიტკოფი Х-ზე წერს.
უიტკოფის თქმით, ამერიკის დელეგაცია 6 იანვარს პარიზში შეხვდა „მსურველთა კოალიციის“ წარმომადგენლებს, ასევე უკრაინის დელეგაციას, რათა „წინ წაეწიათ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ უკრაინისთვის შემუშავებული სამშვიდობო გეგმა“.
ამერიკის დელეგაციაში შედიან უიტკოფი, ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი, ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდალი ალექსუს გრინკევიჩი, აშშ-ის ელჩი საფრანგეთში ჩარლზ კუშნერი და თეთრი სახლის მრჩეველი ჯოშ გრუნბაუმი.
„ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გავმართეთ ევროპელ ლიდერებთან, კერძოდ, პრეზიდენტ მაკრონთან და უკრაინის ლიდერებთან, კერძოდ, პრეზიდენტ ზელენსკისთან და ჩვენ გვამხნევებს მხარეებს შორის არსებული საერთო მიდგომა და პარტნიორობა“, - განაცხადა უიტკოფმა.
მან აღნიშნა, რომ ამერიკის დელეგაციამ მიაღწია „მნიშვნელოვან პროგრესს სამუშაოს რამდენიმე მნიშვნელოვან სფეროში, კერძოდ, უსაფრთხოების გარანტიების ორმხრივი სისტემისა და კეთილდღეობის გეგმის შემუშავებაში“.
„კოალიციამ [„მსურველთა“] ასევე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც უსაფრთხოების გარანტიების კონცეფციაა ასახული.
ჩვენ ვეთანხმებით კოალიციას, რომ უკრაინაში მდგრადი მშვიდობისთვის აუცილებელია უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები და კეთილდღეობისადმი მტკიცე ვალდებულებები და ჩვენ ამ მიმართულებით თანამშრომლობას გავაგრძელებთ“, - აღნიშნა ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
ამიტომ, მისი თქმით, ამერიკის დელეგაცია უკრაინის დელეგაციასთან მოლაპარაკებებს 6 იანვრის საღამოს და 7 იანვარს გააგრძელებს.
უიტკოფმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში „დამატებითი დადებითი იმპულსი“ იქნება მიღწეული.