6 იანვარს, პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დროს, მონაწილე ქვეყნების ლიდერები სხვა საკითხებთან ერთად უკრაინის ტერიტორიაზე მრავალეროვნული შეიარაღებული ძალების განლაგების საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინულ მედიას ელისეს სასახლის წარმომადგენელმა განუცხადა.
წყაროს ცნობით, შეხვედრაზე ხუთ პუნქტთან დაკავშირებით ვალდებულებების აღებაზე იმსჯელებენ - ეს საკითხებია: ცეცხლის შეწყვეტა და მისი დაცვის მონიტორინგი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის გაგრძელება, უკრაინის ტერიტორიაზე მრავალეროვნული ძალების განლაგების ფორმატი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომი აგრესიის შემთხვევაში მოკავშირეების ქმედებებთან დაკავშირებული ვალდებულებები და თავდაცვის სფეროში გრძელვადიანი თანამშრომლობა.
ლიდერების შეხვედრის მთავარი იდეაა „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში შესაძლო ქმედებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება და მათი ამერიკულ მხარესთან შემდგომი კოორდინაცია.
კერძოდ, ლიდერები განიხილავენ ცეცხლის შეწყვეტის მოდალობებს: როგორ მოხდება დემარკაციის ხაზის მონიტორინგი, კონტროლი და შემოწმება.
წყარომ აღნიშნა, რომ დასავლური ჯარები სადემარკაციო ხაზის გასწვრივ არ განლაგდებიან, „რადგან საუბარია 1400 კილომეტრიან ხაზზე და ჯარისკაცების ყოფნას ამ ხაზზე არც ტაქტიკურად და არც სტრატეგიულად აზრი არ აქვს“.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს ყველა ტექნიკური საშუალება ადგილზე სიტუაციის მონიტორინგისთვის: დრონები, თანამგზავრები და ა.შ.
„მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ჩვენ - ამერიკელებს, ევროპელებსა და უკრაინელებს - ნათლად უნდა გვესმოდეს, რა უნდა გავაკეთოთ, თუ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაირღვება“, - განაცხადა ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, დღეს პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად მონაწილეობას 27-ზე მეტი ლიდერი მიიღებს. აშშ-ის დელეგაციას დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ. შეხვედრის მონაწილეებს შორის ასევე იქნებიან: გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ნატო-ს სამხედრო მაღალჩინოსანი ალექსუს გრინკევიჩი, რომელიც ევროპაში აშშ-ის ძალებს ხელმძღვანელობს.