ევროსაბჭოს გენერალურ მდივანმა, ალენ ბერსემ, ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მას არ შეუძლია შეერთებული შტატების ქმედებების არც დაგმობა და არც მხარდაჭერა.
ბერსემ განაცხადა, რომ ვენესუელაში არსებული ვითარება მიუთითებს „ახალი მსოფლიო წესრიგის“ ღრმა ცვლილებებზე, სადაც ძალის გამოყენება ნორმაა, ხოლო კანონი იარაღად გამოიყენება.
„ეს სიტუაცია არ შეიძლება დავიყვანოთ დაგმობასა და მხარდაჭერას შორის ბინარულ არჩევანამდე“, - განაცხადა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა .
მისი თქმით, ევროპის საბჭო მიიჩნევს, რომ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ძალის ნებისმიერი გამოყენება „სერიოზულ კითხვებს აჩენს საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მათ შორის გაერო-ს წესდების ფუნდამენტური პრინციპების მიმართ, რომლებიც ეხება სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ჩაურევლობას“.
„ევროპის საბჭომ უკრაინაში საკუთარი გამოცდილებიდან იცის, თუ რამდენად მყიფე ხდება საერთაშორისო სამართალი, როდესაც ძალის გამოყენება ნორმად იქცევა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი თანმიმდევრულობა და ავტორიტეტი“, - აღნიშნა ბერსმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ვენესუელაში ხელისუფლების გადაცემა უნდა იყოს მშვიდობიანი, დემოკრატიული და ვენესუელელი ხალხის ნების პატივისცემით.
„დემოკრატიას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია გაიმარჯვოს, თუ მას თავად ვენესუელელები აღადგენენ ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის, სანდო არჩევნების და დემოკრატიული ინსტიტუტების აღდგენით, რომლებიც საზოგადოების ნდობით სარგებლობენ“, - აღნიშნა ბერსემ.
მან ასევე დასძინა, რომ საერთაშორისო სამართალი „უნივერსალურია, წინააღმდეგ შემთხვევაში მას აზრი არ აქვს“.
„დემოკრატია მდგრადია, როდესაც ის თავისუფლად არის არჩეული, ინსტიტუციურად დაცული და კანონის უზენაესობაზეა დაფუძნებული. სამყარო, რომელშიც დომინირებულია გამონაკლისები, ორმაგი სტანდარტები ან გავლენის კონკურენტი სფეროები, უფრო სახიფათო სამყაროა“, - განაცხადა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა.