არიზონას შტატში ჩამოვარდა კერძო ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც ოთხი ადამიანი იმყოფებოდა.
ინფორმაციას გამოცემა Independent ავრცელებს.
როგორც იუწყებიან, ინციდენტი, 2 იანვარს, ფენიქსთან ახლოს მოხდა. ვერტმფრენი არიზონას შტატის სამხრეთით, ტელეგრაფის კანიონის რაიონში ჩამოვარდა.
ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ცნობით, ვერტმფრენი MD 369FF მოდელის იყო და ბორტზე ოთხი ადამიანი იმყოფებოდა.
თვითმფრინავი აფრინდა პეგასის ავიაპარკიდან, რომელიც ქუინ კრიკში მდებარეობს.
შერიფის ოფისის ცნობით, პარასკევს საღამოს, ადგილობრივი ხელისუფლება და ფედერალური საავიაციო სამსახურის გამომძიებლები კატასტროფის ადგილზე ფეხით მივიდნენ და დაადასტურეს, რომ პილოტი - 59 წლის კაცი და მისი სამი მგზავრი დაიღუპნენ.
სამივე მგზავრი ერთი ოჯახის წევრია - ორი 21 წლის იყო, ხოლო მესამე - 22 წლის. სამივე ქალია.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კატასტროფის ზონაში ფრენების დროებითი შეზღუდვა დაწესდა.