უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რთული ვითარების გამო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზაპოროჟიესა და დნიპროპეტროვსკის ოლქებში ფრონტის ხაზთან მდებარე 44 დასახლებიდან 3 000-ზე მეტი ბავშვისა და მათი მშობლების იძულებითი ევაკუაციის შესახებ.
ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ოლექსი კულებამ განაცხადა.
„ზაპოროჟიეს ოლქში, ორი თემის ოთხი დასახლებიდან 651 ბავშვის ევაკუაცია, დნიპროპეტროვსკის ოლქში, ხუთი თემის 40 დასახლებიდან კი 2 463 ბავშვის ევაკუაცია იგეგმება“, - აღნიშნა მან.
კულებას ცნობით, 1-ელი ივნისიდან მოყოლებული, ფრონტის ხაზიდან უსაფრთხო ადგილებში 150 000 ადამიანი უკვე ევაკუირებულია. მათ შორის თითქმის 18 000 ბავშვი და 5 000-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანია.
მისი თქმით, პროცესების კოორდინაციაზე 17 სატრანზიტო ცენტრი მუშაობს. იქ ადამიანები იღებენ ყოვლისმომცველ მხარდაჭერასა და დახმარებას დოკუმენტების აღდგენაში, გადახდებისა და სოციალური მომსახურების მისაღებად განაცხადების შეტანაში, ასევე ფინანსურ დახმარებაში.