ირანში ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა იფეთქა მას შემდეგ, რაც ქვეყნის ვალუტა დოლართან მიმართებით რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა და ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი გადადგა. ამის შესახებ Associated Press იუწყება.
სახელმწიფო ტელევიზიის მიერ მოჰამედ რეზა ფარზინის გადადგომის შესახებ ინფორმაციის გავრცელების პარალელურად ტრეიდერები და მოვაჭრეები ქუჩებში გამოვიდნენ თეირანის ცენტრში, საადის ქუჩაზე, ასევე შუშის რაიონში, მთავარი დიდი ბაზრის მახლობლად.
ამ ბაზრის მოვაჭრეებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს 1979 წლის ისლამურ რევოლუციაში, რომელმაც მონარქია დაამხო და ხელისუფლებაში ისლამისტები მოიყვანა.
საპროტესტო აქციების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო IRNA-მ დაადასტურა.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ მსგავსი საპროტესტო აქციები სხვა დიდ ქალაქებშიც იმართება, მათ შორის ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ისპაჰანში, სამხრეთით მდებარე შირაზსა და ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე მაშჰადში.
თეირანის ზოგიერთ რაიონში პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ეს საპროტესტო აქციები ყველაზე მასშტაბურია 2022 წლის შემდეგ, როდესაც პოლიციის მიერ დაკავებისას 22 წლის მაჰსა ჯინა ამინის გარდაცვალებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციები გამოიწვია. ახალგაზრდა ქალი ე.წ. „მორალის პოლიციამ“ დააკავა ჰიჯაბის „არასწორად“ ტარების ბრალდებით.
თვითმხილველებმა Associated Press-ს განუცხადეს, რომ მოვაჭრეები ორშაბათს მაღაზიებს კეტავდნენ და სხვებსაც იამავესკენ მოუწოდებდნენ.
ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ILNA იტყობინება, რომ ბევრმა მეწარმემ შეწყვიტა ვაჭრობა, მიუხედავად იმისა, რომ მათი მაღაზიები ფორმალურად ღია დარჩა.
ფარზინის შესაძლო გადადგომის შესახებ ხმები ბოლო კვირის განმავლობაში ვრცელდებოდა. როდესაც მან თანამდებობა 2022 წელს დაიკავა, რიალის კურსი დოლარზე დაახლოებით 430 000 იყო.
სწრაფი დევალვაცია ზრდის ინფლაციურ ზეწოლას, ზრდის სურსათისა და სხვა ძირითადი საქონლის ფასებს და კიდევ უფრო ამძიმებს ოჯახების ბიუჯეტს. ტენდენცია, შესაძლოა, გაუარესდეს ბენზინის ფასების ბოლოდროინდელი ცვლილების შემდეგ.