ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ისრაელისა და მსოფლიოსთვის „დიდი წყალობა“ უწოდა.
ამის შესახებ ნეთანიაჰუმ ტრამპთან შეხვედრის დროს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში განაცხადა.
„ამას კიდევ და კიდევ, კიდევ და კიდევ ვიტყვი. თეთრ სახლში არასდროს გვყოლია პრეზიდენტ ტრამპის მსგავსი მეგობარი, ასეთი ახლობელიც კი არ გვყოლია“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, „ისრაელს ძალიან გაუმართლა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ხელმძღვანელობს შეერთებულ შტატებს... და მთელ თავისუფალ სამყაროს“.
„ვფიქრობ, ეს მხოლოდ ისრაელისთვის არ არის დიდი წყალობა. ვფიქრობ, ეს მსოფლიოსთვისაც დიდი წყალობაა“, - აღნიშნა მან.
ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა, რომ ტრამპი ისრაელის მშვიდობის პრემიას მიიღებს.
თავის მხრივ, ტრამპმა ნეთანიაჰუსთან შესანიშნავ ურთიერთობაზე ისაუბრა და ის „ძლიერ კაცად“ მოიხსენია, რომელმაც ისრაელი „ძლიერი გახადა, როგორც არასდროს“.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში უკვე მიღწეულია „მნიშვნელოვანი პროგრესი“.
„ჩვენ უკვე დიდი პროგრესი გვაქვს. შეხვედრის დაწყებიდან ხუთ წუთში უკვე სამი საკითხი მოვაგვარეთ,“ - თქვა ტრამპმა.
ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ტრამპმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ისრაელის ახალ თავდასხმებს ირანზე, თუ თეირანი გააგრძელებს რაკეტებსა და ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას.