პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ რუსეთისა და უკრაინის ომში სამშვიდობო მოლაპარაკებები ჯერ კიდევ შორს არის დასრულებისგან, თუმცა რუსეთს არ უნდა მიეცეს სამშვიდობო პირობების კარნახის უფლება. ამის შესახებ ტუსკი Х-ზე წერს.
ტუსკი აშშ-ის მიერ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში მონაწილეობის შესახებ განცხადებას ბოლო მოლაპარაკებების წარმატებად მიიჩნევს.
„ევროპელ ლიდერებთან ღამის განმავლობაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ერთი რამ ცხადია: დასავლეთი და უკრაინა ამ დაპირისპირებას წააგებენ, თუ რუსეთი ჩვენს გახლეჩვას და მშვიდობის პირობების კარნახს შეძლებს.
უსაფრთხოების გარანტიებში აშშ-ის მონაწილეობის შესახებ განცხადება წარმატებაა, თუმცა, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ შორს არის დასრულებისგან“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას სურს შეერთებული შტატებისგან უსაფრთხოების გარანტიები 30-40-50 წლის განმავლობაში მიიღოს.