უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ 2026 წლისთვის რუსეთის მიზანია დონბასის მთელი ტერიტორიისა და ზაპოროჟიეს ოლქის დაპყრობა.
„ის (რუსების უახლოესი მომავლის მიზნები) მკაფიოდ არის ასახული მათ სამხედრო დაგეგმვაში. ეს არის დონეცკის ოლქზე სრული კონტროლის მოპოვების, დნიპროპეტროვსკის ოლქში მაქსიმალური წინსვლისა და ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ოპერაციების გაგრძელების მცდელობა. ისინი ამას არასდროს მალავდნენ.
ეს არის მთავარი მიზნები, საზღვრის გასწვრივ სანიტარული (ანუ ბუფერული) ზონების ზომის გაზრდასთან ერთად. ეს არის მათი მთავარი მიზნები. ფუნდამენტურად, 2026 წლის მიზანია დონბასი და ზაპოროჟიეს ოლქი,“ - განაცხადა ბუდანოვმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში.
შეკითხვაზე გულისხმობდა თუ არა მთელ ზაპოროჟიეს რეგიონს, მან უპასუხა: „ეს მათი ოცნებაა“.
მისი თქმით, რუსეთი უკრაინისა და სხვა სახელმწიფოების შიდა დესტაბილიზაციის მცდელობებს ეყრდნობა, რადგან ასეთი აქტივობა მისი სადაზვერვო სამსახურებისთვის დამახასიათებელია და მათ ამ სფეროში მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვთ.
კითხვაზე, თუ რა პირობებშია უკრაინაში დესტაბილიზაციის რისკი უფრო მაღალი — თუ უკრაინა გააგრძელებს ბრძოლას თუ მიიღებს მოლაპარაკებებში შეთავაზებულ პირობებს — მან განმარტა, რომ მოლაპარაკებების პროცესი კომპრომისის პოვნას ეხება.
„ერთ დროს ვიღაცამ თქვა რაღაც, რაც ჩემთვის სლოგანად იქცა: მოლაპარაკებებში კომპრომისი არ არის მაშინ, როდესაც ერთი ადამიანი მოწყენილია და მეორე ბედნიერი, არამედ მაშინ, როდესაც ორივე მოწყენილია. ეს ზოგადი ფორმულაა“, - აღნიშნა ბუდანოვმა.
მან აღნიშნა, რომ კომპრომისის მიღწევა არც ერთი მხარისთვის ადვილი ან სასიამოვნო არ იქნება.
„რუსეთი ფსონს დებს თუ არა იმაზე, რომ თუ ომი შეჩერდება, მას უკრაინის შიგნით სიტუაციის დესტაბილიზაციასშეეცდება? რუსეთი ამ მიმართულებით ყოველთვის ძლიერი იყო და ყველა ქვეყანაში მსგავსი პროცესების განვითარებას ცდილობს.
უკრაინა, რა თქმა უნდა, არასდროს ყოფილა გამონაკლისი, რასაც ყველა ვგრძნობთ და ვიცით საკუთარი გამოცდილებიდან. და არამგონია, უახლოეს მომავალში რამე შეიცვალოს“, - განაცხადა ბუდანოვმა.