აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიაში დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი და ასევე ლუიზიანას გუბერნატორი, ჯეფ ლენდრი ირწმუნება, რომ აშშ კუნძულის „დაპყრობას“ არ გეგმავს. ამის შესახებ AP იუწყება.
ახალი თანამდებობის დაკავების შემდეგ თავის პირველ ვრცელ კომენტარში ლენდრიმ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია არ აპირებს „ვინმეს დაპყრობას“ ან „ვინმესთვის ქვეყნის წართმევას“ - რაც ეწინააღმდეგება ტრამპის პირდაპირ განცხადებებს, რომ მას კუნძულზე კონტროლის აღება „აშშ-ის უსაფრთხოებიდან გამომდინარე “ სურს.
„ვფიქრობ, ჩვენი დისკუსიები გრენლანდიის მოსახლეობასთან უნდა წარიმართოს (...) – რა სურთ მათ, რა შესაძლებლობები არ მიეცათ, რატომ არ მიიღეს ის დაცვა, რასაც იმსახურებენ“, - თქვა ლენდრიმ.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლუიზიანას გუბერნატორი ჯეფ ლენდრი გრენლანდიაში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა.
ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება და აღნიშნა, რომ მის მიერ დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი ამ საქმეს უხელმძღვანელებს.
„გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება და არა მინერალებისთვის. თუ გრენლანდიას დააკვირდებით, სანაპიროს ზემოთ და ქვემოთ, ყველგან რუსული და ჩინური გემები გხვდება. ეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება“, - განაცხადა ტრამპმა.