დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყაზახეთსა და უზბეკეთს 2026 წლის დეკემბერში მაიამიში დაგეგმილ G20-ის სამიტზე მიიწვევს.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა სამშაბათს, 23 დეკემბერს, რესპუბლიკების პრეზიდენტებთან, ყასიმ-ჟომართ თოყაევთან და შავქათ მირზიიოევთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.
„მომავალ წელს შეერთებული შტატები უმასპინძლებს G20-ის სამიტს და ჩვენ ორივე ლიდერს მივუწოდებთ სტუმრების რანგში შემოგვიერთდნენ მაიამიში ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ TruthSocial-ზე.
ტრამპმა ვაშინგტონის ურთიერთობებს ასტანასთან და ტაშკენტთან „შესანიშნავ“ უწოდა.
ამასთან, ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, თოყაევმა და ტრამპმა 23 დეკემბერს ტელეფონით განიხილეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომი.
თოყაევმა „ხაზი გაუსვა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების სირთულეს, სადაც ტერიტორიული საკითხი დომინანტურ პოზიციას იკავებს და მოითხოვს ორივე მხარისგან კომპრომისებს, ადგილზე არსებული რეალური სიტუაციის გათვალისწინებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ჩვენი ქვეყანა შუამავალი არ არის, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, კეთილი ნების სულისკვეთებით მზად ვართ, მოლაპარაკების პლატფორმა შევთავაზოთ“, - აღნიშნულია თოყაევის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.