ჩვენ არ მივიჩნევთ თავს პასუხისმგებლებად ადამიანების სიკვდილზე, რადგან ომი ჩვენ არ დაგვიწყია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
NBC-ის ჟურნალისტმა ვლადიმირ პუტინს დონალდ ტრამპთან მისი ურთიერთობისა და სამშვიდობო გეგმის შესახებ ჰკითხა.
„თუ ტრამპის სამშვიდობო გეგმას უარყოფთ, 2026 წელს რუსებისა და უკრაინელების სიკვდილზე პასუხისმგებლობას აიღებთ?“
„ჩვენ არ მივიჩნევთ თავს პასუხისმგებლებად ადამიანების სიკვდილზე, რადგან ომი ჩვენ არ დაგვიწყია“, - უპასუხა პუტინმა და კვლავ ისაუბრა 2014 წელს უკრაინაში მომხდარ „არაკონსტიტუციურ გადატრიალებაზე“.
ის კვლავ ამტკიცებს თავის ვერსიას, რომ 2022 წლის თებერვალში კრემლი „იძულებული გახდა შეიარაღებული ძალები გამოეყენებინა ამ ომის დასასრულებლად“, რომელიც, თითქოს, კიევმა დასავლეთის მხარდაჭერით დაიწყო.
პუტინის თქმით, ტრამპი გულწრფელად სერიოზულ ძალისხმევას დებს ომის მშვიდობიანი მოგვარებისთვის.
„ჩვენ შევთანხმდით და პრაქტიკულად დავეთანხმეთ ტრამპის წინადადებას“, - თქვა პუტინმა აგვისტოში ანკორიჯის სამიტთან დაკავშირებით.
„ამიტომ, იმის თქმა, რომ ჩვენ რამეს უარვყოფთ, აბსოლუტურად არასწორია და არანაირი საფუძველი არ აქვს.
როდესაც ანკორიჯში ჩავედი, ვთქვი, რომ ეს ჩვენთვის რთული გადაწყვეტილებები იქნებოდა“, - თქვა პუტინმა.
მისი მტკიცებით, ბურთი „მთლიანად და სრულად“ უკრაინისა და მისი ევროპელი მოკავშირეების მოედანზეა. ჩვენ მზად ვართ როგორც მოლაპარაკებებისთვის, ასევე კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დასრულებისთვის,“ - თქვა პუტინმა.