ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამხრეთ ამერიკული ქვეყნის მიმართ „თავისი ნამდვილი მოტივები“ გაამხილა, როდესაც განაცხადა, რომ ვენესუელამ ამერიკული „ნავთობი, მიწა და სხვა აქტივები“ მოიპარა.
ამის შესახებ CNN იუწყება.
მადურომ თქვა, რომ ტრამპის განცხადება აჩვენებს, რომ აშშ სინამდვილეში ხელისუფლების შეცვლას და ვენესუელის ტერიტორიისა და რესურსების მიტაცებას ცდილობს.
აშშ-მა ვენესუელის მახლობლად საზღვაო ძალების გაძლიერება ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ზომებად შეაფასა.
„ეს უბრალოდ საომარი და კოლონიური ფიქციაა და ეს ჩვენ უკვე არაერთხელ გვითქვამს და ახლა ყველა ხედავს სიმართლეს. სიმართლე გამოვლინდა. მიზანია ვენესუელაში რეჟიმის შეცვლა, მარიონეტული მთავრობის მოყვანა, რომელიც არაუმეტეს 47 საათს გაძლებს, რომელიც დათმობს კონსტიტუციას, სუვერენიტეტსა და მთელ სიმდიდრეს, რითაც ვენესუელას კოლონიად გადააქცევს. ეს უბრალოდ არასდროს მოხდება,“ - განაცხადა მადურომ.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დაიბრუნებენ ნავთობს, მიწებს და ყველაფერს რაც ვენესუელამ აშშ-ს წაართვა.