აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთის ზოგიერთი ბანკის მიმართ დაწესებული სანქციები დროებით შეაჩერა. ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის მიერ გავრცელებული დოკუმენტის თანახმად, რუსეთის უმსხვილეს ბანკებთან, მათ შორის, „გაზპრომბანკთან“, „სბერბანკთან“ და „ვითიბი“ ბანკთან ტრანზაქციები ნებადართულია, თუ ისინი ატომური ენერგიის სამოქალაქო პროექტების შენარჩუნებას ემსახურება.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზია ასევე ვრცელდება იმ კომპანიებზე, რომლებშიც ზემოაღნიშნული ბანკები ფლობენ აქციების 50%-ს ან მეტს. თუმცა, დაშვებულია მხოლოდ ის ტრანზაქციები, რომლებიც განხორციელდება სამოქალაქო ბირთვული ენერგიის მხარდასაჭერად. ყველა სხვა ტრანზაქცია სანქციებს ექვემდებარება.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, გამონაკლისი 2026 წლის 18 ივნისამდე მოქმედებს და მოიცავს მხოლოდ იმ პროექტებს, რომლებიც 2024 წლის 21 ნოემბრამდე დაიწყო.