აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის სანქცირებული ნავთობტანკერების სრული ბლოკადის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ის Truth Social-ში წერს.
ტრამპმა ვენესუელა ამერიკული აქტივების, კერძოდ, ნავთობისა და მიწის მითვისებაში დაადანაშაულა.
„მადუროს არალეგიტიმური რეჟიმი ამ მოპარული ნავთობის საბადოებიდან ნავთობს ნარკოტერორიზმის, ადამიანებით ვაჭრობის, მკვლელობებისა და გატაცებების დასაფინანსებლად იყენებს. ჩვენი აქტივების მოპარვისა და სხვა მრავალი მიზეზის გამო, მათ შორის ტერორიზმის, ნარკოტიკებით კონტრაბანდისა და ადამიანებით ვაჭრობის გამო, ვენესუელის რეჟიმი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად იქნა გამოცხადებული. ამიტომ, დღეს მე ბრძანება გავეცი, ვენესუელაში შემავალი და გამავალი ყველა სანქცირებული ნავთობტანკერის სრული და ტოტალური ბლოკადის შესახებ“, - წერს ტრამპი.
ტრამპმა აღნიშნა, რომ „ვენესუელა მთლიანად გარშემორტყმულია ყველაზე დიდი არმადით, რომელიც სამხრეთ ამერიკის ისტორიაში ოდესმე შეკრებილა“.
„ეს მხოლოდ გაიზრდება და მათთვის შოკი ისეთი იქნება, როგორიც აქამდე არასდროს განუცდიათ - ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებს არ დაუბრუნებენ ყველა იმ ნავთობს, მიწას და სხვა აქტივებს, რომლებიც ადრე ჩვენგან მოიპარეს,“ - წერს ტრამპი
ცნობისათვის, კარიბის ზღვის აუზში კონცენტრირებულმა ამერიკულმა ძალებმა ვენესუელას სანაპიროსთან ნავთობტანკერზე სრული კონტროლი 10 დეკემბერს აიღეს. ნოემბრის ბოლოს ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „ძალიან მალე“ დაიწყებდა ზომების მიღებას ვენესუელელი ნარკოვაჭრობაში ეჭვმიტანილების სახმელეთო გადაადგილების შესაჩერებლად.