უნგრეთში ბავშვებზე ძალადობის სკანდალის გამო მთავრობის გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. როგორც Bloomberg წერს, არასრუწლოვნებზე ძალადობის ამსახველმა კადრებმა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანზე ზეწოლა არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე კიდევ უფრო გააძლიერა.
უნგრეთის ათასობით მოქალაქემ, ოპოზიციის ლიდერის, პეტერ მაგიარის ხელმძღვანელობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციისკენ მსვლელობა გამართა.
ოპოზიციის ლიდერმა პეტერ მაგიარმა, რომლის პარტიაც „ტისა“ აპრილის არჩევნების წინ გამოკითხვებში ლიდერობს, ორბანს გადადგომისკენ მოუწოდა და ის სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების დაცვის უუნარობაში დაადანაშაულა.
დემონსტრანტებს გამოტანილი ჰქონდათ ბანერები: „დაიცავით ბავშვები“. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ, რომ ქვეყანაში ყოველდღე სულ უფრო უარესი ამბები ხდება და მთავრობა უნდა გადადგეს. არასრულწლოვანთა დაწესებულებაში რამდენიმე წლის წინ მომხდარი ძალადობის ამსახველი კადრები ახლა გასაჯაროვდა.
ამ კვირის დასაწყისში გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, ბუდაპეშტში არასრულწლოვანთა დაკავების დაწესებულებაში როგორ ძალადობს ერთ-ერთი თანამშრომელი არასრულწლოვანზე. ის ძირს დაგდებულ ბავშვს ფეხს ურტყამს, მეორე ბავშვს კი თავს.მაგიდაზე არტყმევინებს.
დაწესებულების თანამშრომელი დააკავეს. პოლიციამ რეიდი განახორციელა და კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავა. ძალადობის ამსახველი ვიდეოს გავრცელების შემდეგ დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გადადგა. მას პროსტიტუციაში, ფულის გათეთრებასა და ადამიანებით ვაჭრობაში ედება ბრალი. პროკურატურის ცნობით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შვიდი ადამიანია დაკავებული. საქმეზე გამოძიება გრძელდება.