ისრაელში უკრაინის საელჩო ტიმურ მინდიჩზე თავდასხმის მცდელობის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ უკრაინის საელჩოში განუცხადეს.
დიპლომატიურ წარმომადგენლობაში განაცხადეს, რომ არ ადასტურებენ მინდიჩზე სავარაუდო მკვლელობის მცდელობის შესახებ ინფორმაციას. მათ ასევე განაცხადეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიციისთვის არანაირი ოქმი არ შესულა.
10 დეკემბერს, კიევის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე, ბიზნესმენმა იგორ კოლომოისკიმ განაცხადა, რომ ტიმურ მინდიჩზე ისრაელში წარუმატებელი თავდასხმა განხორციელდა. კოლომოისკის მტკიცებით, ეჭვმიტანილები დააკავეს.
სხდომაზე კოლომოისკის პატიმრობის ვადის გახანგრძლივება განიხილებოდა,
შეგახსენებთ, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო მეგობარი, სტუდია „კვარტალ 95“-ის თანამფლობელი, ბიზნესმენი ტიმურ მინდიჩი უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს გამოძიების ფიგურანტია. ის, სავარაუდოდ, ისრაელშია გაქცეული. მინდიჩი კომპანია „ენერგოატომში“ მასშტაბური კორუფციული სქემის ორგანიზატორად სახელდება. უკრაინაში მინდიჩს დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.