აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსული მხარე უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებში უფრო ძლიერ პოზიციაშია. ამის შესახებ მან Politico-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„ეს ომია, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო. გულწრფელად რომ ვთქვა, ეს არ მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი და ეს [ომი]ოთხი წელი არ მომხდარა. მე ვაკვირდებოდი და ვთქვი: „ვაუ, აქ პრობლემებს შექმნიან“. და ეს დაიწყო და, სიმართლე გითხრათ, შეიძლებოდა მესამე მსოფლიო ომში გადაზრდილიყო“, - აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, რუსეთი პოზიცია მოლაპარაკებებში უფრო ძლიერი ჩანს, რადგან ის „გაცილებით უფრო დიდი ქვეყანაა“.
ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომი „დიდი პრობლემაა ევროპისთვის“. „და ისინი მას კარგად ვერ უმკლავდებიან“, - თქვა ტრამპმა.
მან გაიმეორა თავისი განცხადებები, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არ წაიკითხა მისი „სამშვიდობო გეგმა“ და დასძინა, რომ „მან ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს“.
„კარგი იქნებოდა, თუ წაიკითხავდა. იცით, ბევრი ადამიანი კვდება. ამიტომ, ძალიან კარგი იქნებოდა, თუ წაიკითხავდა. მის ხალხს ძალიან მოეწონა წინადადება. მათ ძალიან მოეწონათ. მის მოადგილეებს, მის მაღალი თანამდებობის პირებს მოეწონათ, მაგრამ თქვეს, რომ მას ჯერ არ წაუკითხავს. ვფიქრობ, მან დრო უნდა გამონახოს მის წასაკითხად“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.