პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ ამერიკელ მილიარდერ ილონ მასკს მარსზე გაფრენა ურჩია მას შემდეგ, რაც მასკმა ევროკავშირის „გაუქმების“ შესახებ პოსტი გამოაქვეყნა
მანამდე X -ზე გამოქვეყნებულ პოსტში მასკმა იკითხა: „რამდენ ხანში გაქრება ევროკავშირი?“
მან თავის გზავნილს ასევე დაურთო წარწერა: „ევროკავშირის გაუქმება“.
საპასუხოდ სიკორსკიმ დაწერა: „გაფრინდით მარსზე. იქ ნაცისტური მისალმების ცენზურა არ არსებობს“.
შემდეგ პოსტში პოლონელმა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მასკის მოწოდებას ევროკავშირის „ლიკვიდაციის“ შესახებ მხარი დაუჭირა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა.
„თუ ვინმეს ჯერ კიდევ ეჭვი ეპარებოდა, ვის ემსახურება სუვერენიტეტზე ეს ანტიევროპული ბოდვა: მათ, ვისაც სიძულვილის გავრცელებით მოგების მიღება სურს და მათ, ვისაც ევროპის დაპყრობა სურს“, - დაწერა სიკორსკიმ.