საბერძნეთის სანაპირო დაცვამ კუნძულ კრეტასთან 17 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინა. ორი ადამიანი კი ნახევრად ჩაძირული ნავიდან გადაარჩინეს. ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.
საბერძნეთის ხელისუფლების განცხადებით, კატასტროფის შესახებ თურქულმა სატვირთო გემმა შეატყობინა, რომელმაც კრეტას სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან ნახევრად ჩაძირული ნავი შენიშნა.
სიგნალის მიღების შემდეგ, სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სანაპირო დაცვის ორი გემი, სამაშველო ვერტმფრენი, ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს გემი და თვითმფრინავი, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი სამი სამოქალაქო გემი.
როდესაც მაშველები ადგილზე მივიდნენ, მათ აღმოაჩინეს, რომ მიგრანტების უმეტესობა გარდაცვლილი იყო. ცხედრების ამოყვანის ოპერაცია შაბათს საღამოს დასრულდა.
კატასტროფა საბერძნეთის მიერ მიგრანტებზე კონტროლის გამკაცრების ფონზე მოხდა: მთავრობამ ზაფხულში თავშესაფრის განაცხადები ლიბიიდან ჩამოსვლის მკვეთრი ზრდის გამო შეწყვიტა.
შემდეგ, სექტემბერში, მიიღეს კანონი, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას იმ თავშესაფრის მაძიებლებისთვის, რომლებიც ქვეყანაში რჩებიან განაცხადის უარყოფის შემდეგ.
საბერძნეთის მიგრაციის მინისტრმა თანოს პლევრისმა განაცხადა, რომ ლიბიიდან კუნძულზე ჩასული მიგრანტების რაოდენობა მკაცრი ზომების შემდეგ თითქმის 50%-ით შემცირდა.
თუმცა, ბოლო დღეებში ეს მაჩვენებელი იზრდება.
დაღუპულთა რაოდენობის თვალსაზრისით, შაბათს მომხდარი ტრაგედია უტოლდება 2023 წლის ივნისში სათევზაო ხომალდ Adriana კატასტროფას, რომელმაც ასობით ადამიანი იმსხვერპლა და თანამედროვე საბერძნეთის ისტორიაში ყველაზე დიდი საზღვაო კატასტროფად დასახელდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს კატასტროფა მსხვერპლის რაოდენობით ყველაზე მასშტაბურია 2023 წლის ივნისში საბერძნეთის სამხრეთ სანაპიროსთან Adriana-ს ჩაძირვის შემდეგ, როდესაც სულ მცირე 600 ადამიანი დაიღუპა.