კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ და რუანდამ ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის დასრულებას და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას. ცერემონია ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შუამავლობით გაიმართა.
ღონისძიებას, რომელსაც აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტი მასპინძლობდა, ესწრებოდნენ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფელიქს ჩისეკედი და რუანდის პრეზიდენტი პოლ კაგამე, ასევე რეგიონის სახელმწიფოების, მათ შორის კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების და სენეგალის წარმომადგენლები.
ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტებს ჩისეკედის და კაგამეს კონფლიქტის მოგვარებისკენ მიმართული ძალისხმევისთვის და განაცხადა, რომ აღფრთოვანებულია ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების შესაძლებლობით.
„დღეს შესანიშნავი დღეა. ეს დიდი დღეა აფრიკისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი დღე მთელი მსოფლიოსთვის და ამ ორი ქვეყნისთვის. დღეს მათ ბევრი რამ აქვთ საამაყო. განსაკუთრებით მინდა მადლობა გადავუხადო ორივე ქვეყნის ლიდერებს“, - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუანდას შორის კონფლიქტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივია და აღნიშნა, რომ ომის დროს 10 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
„ჩვენ შევიკრიბეთ შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტში, რათა ხელი მოვაწეროთ ისტორიულ შეთანხმებას, რომელიც ამ კონფლიქტს დაასრულებს. დღეს ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, დავასრულოთ ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ძალადობა და სისხლისღვრა და დავიწყოთ ჰარმონიისა და თანამშრომლობის ახალი ერა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუანდას შორის. მინდა მადლობა გადავუხადო ამ ორ მამაც ლიდერს. ისინი ნამდვილად მამაცი ლიდერები არიან.“, - განაცხადა ტრამპმა.
ხელშეკრულების დებულებები ითვალისწინებს კონფლიქტის დასრულებას, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას და ქვეყნის სრული სუვერენიტეტის დადასტურებას მის ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასა და დამუშავებაზე.
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში გაჭიანურებულმა ძალადობამ ათასობით ადამიანი იმსხვერპლა და მილიონობით ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა.
2021 წელს, „მოძრაობა 23 მარტის“(M23) ამბოხებული დაჯგუფების გააქტიურების შემდეგ, საბრძოლო მოქმედებები კვლავ გამწვავდა.
გაერო და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება რუანდას M23-ის მხარდაჭერაში ადანაშაულებს, თუმცა ოფიციალური კიგალი ამ ბრალდებებს უარყოფს.