გამოცემა Spiegel სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ფრაგმენტებს აქვეყნებს, რომელშიც კონსულტაციების დროს საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა პირდაპირ ისაუბრეს იმ რისკზე, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების მოლაპარაკებებისას შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ეუკრაინისა და ევროპის ინტერესების საწინააღმდეგო იყოს.
გამოცემის თანახმად, ჩანაწერი სატელეფონო საუბრიდანაა, რომელიც გასულ ორშაბათს, 1 -ელ დეკემბერს გაიმართა, ფლორიდაში უკრაინულ დელეგაციასა და ტრამპის გუნდს შორის მოლაპარაკებების შემდეგ.
უკრაინის პრეზიდენტთან საუბარში მონაწილეობდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტორე, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ასევე ევროკავშირის ლიდერები - ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა.
საუბრის დროს, მაკრონმა თითქოს თქვა, რომ ტერიტორიების საკითხზე უკრაინას უღალატებს უსაფრთხოების გარანტიებზე სიცხადის გარეშე
ჩანაწერის თანახმად, მან ასევე დასძინა, რომ ზელენსკისთვის „დიდ საფრთხეს“ ხედავს (გამოცემა არ აკონკრეტებს კონკრეტულ კონტექსტს, რომელშიც ეს ითქვა).
ჩანაწერის თანახმად, მერცმა განაცხადა, რომ ზელენსკი „ძალიან ფრთხილად“ უნდა იყოს მომდევნო დღეებში.
„ისინი თამაშობენ - როგორც თქვენთან, ასევე ჩვენთან“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა საუბრის ერთ-ერთ მომენტში განაცხადა, რომ „ჩვენ (ევროპელებმა) უკრაინა და ვოლოდიმირი ამ ბიჭებთან მარტო არ უნდა დავტოვოთ“.
„ვეთანხმები ალექსანდრს, ჩვენ ვვალდებული ვართ დავიცვათ ვოლოდიმირი“, - თქვა რუტემ.
ფინეთის პრეზიდენტისა და ნატო-ს გენერალური მდივნის პრესსამსახურებმა კომენტარი არ გააკეთეს Spiegel-თან მათი ინფორმაციის დაზუსტებასთან დაკავშირებით.
საუბრის რამდენიმე უშუალო მოწმემ, რომლებმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, გამოცემას დაუდასტურეს, რომ ასეთი ზარი შედგა და საუბრის შინაარსი ზუსტად იყო გადმოცემული, თუმცა კონკრეტული ციტატების დადასტურებაზე უარი თქვეს.
ზელენსკის ოფისში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ კომენტარს არ გააკეთებენ.
ელისეს სასახლე უარყოფს, რომ მაკრონმა შეერთებული შტატების მხრიდან „ღალატის შესახებ“ ისაუბრა.
„პრეზიდენტს ასეთი ფორმულორება არ გამოუყენებია“, - აღნიშნეს მათ ელისეს სასახლეში.