საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, - ინფორმაცია საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ვებგვერდზეა განთავსებული.
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს, დაგმეს საქართველოს მთავრობის ავტორიტარული ნაბიჯები და რეზოლუცია მიიღეს, რომელშიც საუბარია დემოკრატიულ უკუსვლაზე, პოლიტიკურ პატიმრებსა და რეპრესიულ კანონმდებლობაზე.
დოკუმენტის ხელმომწერები საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებენ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო თანამოაზრეების მიმართ მიზნობრივი ინდივიდუალური სანქციები დააწესოს, ასევე მოითხოვოს ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება.
„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება შეშფოთებას იწვევს. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავრობის ცვლილებამ ადრე არსებული ევროპული კურსიდან გადახვევა აჩვენა. პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლებაში მოსულმა ახალმა მთავრობამ შემაშფოთებელი ცვლილებები დაიწყო, კერძოდ, ევროპული დემოკრატიული ღირებულებებისგან დაშორებით და სამოქალაქო საზოგადოებასთან დაძაბულობის გაზრდით. გადახვევა მოულოდნელი არ ყოფილა. ევროპულმა ინსტიტუტებმა შეშფოთება ჯერ კიდევ 2024 წლის ზაფხულში გამოთქვეს: 2024 წლის ივნისში ევროპული საბჭო სამართლიანი არჩევნების გარანტიის მოწოდებით გამოვიდა და ოპონენტებსა და ჟურნალისტებზე ზეწოლა დაგმო. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებმა, რომელიც უსამართლო პირობებში ჩატარდა, ეს გაფრთხილებები დაადასტურა. გამოვხატავთ სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომლებიც მობილიზებული არიან თავიანთი დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის“, - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.
რეზოლუცია განსახილველად საგარეო საქმეთა კომიტეტს გადაეგზავნა.