აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საკონსულოებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაუგზავნა მემორანდუმი, რომლითაც მოითხოვა H-1B სამუშაო ვიზის აპლიკანტების LinkedIn-ის პროფილებისა და რეზიმეების გადახედვა და იმ პირების განაცხადების უარყოფა, რომლებიც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში იყვნენ ჩართულნი. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს, რომელმაც ეს მემორანდუმი წაიკითხა.
როგორც იუწყებიან, ცვლილება ყველა ტიპის სამუშაო ვიზას შეეხება, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტმა განსაკუთრებული აქცენტი H-1B ვიზაზე გააკეთა, რადგან ამ ტიპის ვიზაზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა ტექნოლოგიურ სექტორშია.
ახლა აშშ-ის საკონსულოები დაადგენენ, მუშაობდნენ თუ არა ვიზის განმცხადებლები ისეთ სფეროებში, როგორიცაა დეზიფორმაციის გავრცელება, კონტენტის მოდერაცია, ფაქტების შემოწმება ან ინტერნეტ უსაფრთხოება. შემოწმდება არა მხოლოდ განმცხადებლების, არამედ მათი ოჯახის წევრების პროფილებიც.
H-1B ვიზა განკუთვნილია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისთვის; ის ხელმისაწვდომია მაღალკვალიფიციური მუშაკებისთვის, რომლებმაც სამუშაო შეთავაზება მიიღეს ამერიკული კომპანიისგან.
ადრე, ამერიკულ კომპანიებს თითეოული უცხოელი სპეციალისტის განაცხადი 1500 დოლარი უჯდებოდათ, მოსაკრებლის სახით, მაგრამ ამ წლის სექტემბრიდან, ტრამპის განკარგულებით მოსაკრებელი 100 000 დოლარამდე გაიზარდა.
„კომპანიამ უნდა გადაწყვიტოს, არის თუ არა ადამიანი საკმარისად ღირებული, რომ მთავრობას წელიწადში 100 000 დოლარი გადაუხადოს. ან დააბრუნოს სამშობლოში და მის ნაცვლად ამერიკელი დაიქირავოს“, - განაცხადა აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა, მოსაკრებლის ზრდის საპასუხოდ.
იუწყებოდნენ, რომ მოსაკრებლის ზრდა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა ვაშინგტონსა და ინდოეთს შორის ურთიერთობებზე, რადგან 2024 წელს H-1B პროგრამით დამტკიცებული განაცხადების 71% ინდოეთის მოქალაქეებზე მოდიოდა.
2025 წლის იანვარში ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, ამერიკის ხელისუფლებამ არაერთხელ დაადანაშაულა ევროპული ქვეყნები ცენზურასა და სიტყვის თავისუფლების დარღვევაში. ერთ-ერთი ასეთი კრიტიკა თებერვალში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გააჟღერა, ხოლო ივლისში სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროკავშირის ციფრული სერვისების შესახებ კანონი „ორუელისეულ“ ცენზურას შეადარა. ეს კანონი არეგულირებს სოციალური მედიის პლატფორმებს და მოითხოვს მათგან ზომების მიღებას, მაგალითად, დეზინფორმაციის წინააღმდეგ.
გარდა ამისა, სექტემბერში სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროპის ქვეყნებს გაუგზავნა შეტყობინება ჯო ბაიდენის დროს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმების შეწყვეტის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან მომდინარე დეზინფორმაციის აღმოჩენასა და აღკვეთას.