ვის სჯერა, რომ რუსეთი უკრაინაში დამარცხდება? ეს ზღაპარია, სრული ილუზია, - ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვევერმა газете La Libre-თან ინტერვიუში განაცხადა.
დე ვევერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადრე მსგავს სიტუაციებში მყოფი სხვა ქვეყნების სუვერენული აქტივები უბრალოდ იყინებოდა და მათი გადაცემა მხოლოდ მფლობელი სახელმწიფოს დამარცხების შემდეგ იყო შესაძლებელი. თუმცა, მისი თქმით, რუსეთის შემთხვევაში ასეთი სცენარი უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოა.
„ეს იქნებოდა შესანიშნავი ისტორია: ფულის წართმევა ბოროტმოქმედი პუტინისთვის და მისი გადაცემა კარგი კაცისთვის, უკრაინისთვის. მაგრამ სხვა ქვეყნის გაყინული აქტივების, მისი სუვერენული ფონდების მოპარვა, აქამდე არასდროს მომხდარა. ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთის ცენტრალური ბანკის ფულზე“, – განაცხადა ბარტ დე ვევერმა.
დე ვევერმა ასევე დასძინა, რომ რუსეთის თეორიული დამარცხებაც კი არასასურველია, რადგან ამან შეიძლება ბირთვული სახელმწიფოს შიგნით არასტაბილურობა გამოიწვიოს.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მშვიდად არ შეეგუება აქტივების კონფისკაციას.
„ვინ ფიქრობს, რომ პუტინი მშვიდად შეეგუება რუსული აქტივების კონფისკაციას? მოსკოვმა გვაცნობა, რომ კონფისკაციის შემთხვევაში, ბელგია და პირადად მე „სამუდამოდ“ ვიგრძნობთ შედეგებს. რუსეთს ასევე შეუძლია გარკვეული დასავლური აქტივების კონფისკაცია: Euroclear-ს რუსეთში 16 მილიარდი აქვს. შესაძლოა, რუსეთში არსებული ყველა ბელგიური ქარხნის ჩამორთმევაც მოხდეს და რა მოხდება, თუ ბელარუსმა და ჩინეთმაც მოახდინეს დასავლური აქტივების კონფისკაცია? განვიხილეთ ეს ყველაფერი? არა, არ გაგვითვალისწინებია. ჩემს ევროპელ კოლეგებს ვკითხე, მზად იყვნენ თუ არა ბელგიის წინაშე არსებული რისკების გაზიარებისთვის. მხოლოდ გერმანიამ თქვა, რომ მზად იყო. ამ გაზიარების გარეშე, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს საქმე დავბლოკო“, – განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.