პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ, განმარტა, რომ პოლონეთის წვლილი უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად ნატო-ს PURL-ის ინიციატივაში („უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის“) 100 მილიონი დოლარი იქნება.
სამი ქვეყანა ამ მიზნებისთვის ჯამში 500 მილიონ დოლარს გამოყოფს, საიდანაც, როგორც მინისტრმა აღნიშნა, პოლონეთის წვლილი 100 მილიონი დოლარია.
„ერთი მილიონი დოლარი რუსი დივერსანტების მიერ აფეთქებული პოლონური რკინიგზის ლიანდაგის ყოველ სანტიმეტრზე“, – განაცხადა სიკორსკიმ.
თანხა ნატო-სა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ახალი მექანიზმის ფარგლებში დაიხარჯება, რომლის საშუალებითაც ნატო-ს მოკავშირეები კიევისთვის საჭირო შეიარაღებას აშშ-სგან ყიდულობენ.
მან ასევე განმარტა, რომ ეს არ არის დამატებითი სახსრები, არამედ ის თანხა, რომლის გამოყოფა პოლონეთის მთავრობას თავდაპირველად სურდა ევროკავშირის მიერ ევროპის მშვიდობის ფონდის მიმართ აღებული ვალდებულებების შესაბამისად, მაგრამ უნგრეთმა დაბლოკა.
„იმისათვის, რომ ეს ფული ტყუილად არ დახარჯულიყო და პუტინის შეკავებას მოხმარებოდა, ის უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდებაზე გადამისამართდა“, - განმარტა სიკორსკიმ.