საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების მინისტრ ავი დიხტერთან ერთად, ვოლკანის ცენტრს ეწვია.
ვოლკანის ცენტრი ისრაელის ეროვნული სასოფლო-სამეურნეო კვლევითი ინსტიტუტია. ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ბენი ჩეფეზმა მინისტრებს მუშაობის ძირითადი პრინციპები და მიმდინარე სამუშაოები გააცნო.
ვოლკანის ცენტრი 1921 წელს დაარსდა და ექვს კვლევით ინსტიტუტს აერთიანებს: მცენარეთა მეცნიერების; ნიადაგის, წყლის და გარემოსდაცვითი მეცნიერების; ცხოველთა მეცნიერების; მცენარეთა დაცვის; მოსავლის აღების შემდგომი და კვების მეცნიერების; სოფლის მეურნეობისა და ბიოლოგიური ინჟინერიის. თითოეული ინსტიტუტი საკუთარ მიმართულებაზე მუშაობს.
როგორც პროფესორმა ბენი ჩეფეზმა განაცხადა, 2017 წელს, ვოლკანის ცენტრს მიენიჭა იუნესკოს საერთაშორისო პრემია სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა სფეროში კვლევისთვის, სოფლის მეურნეობაში მისი ინოვაციების აღიარების ნიშნად. ცენტრი გლობალურ დონეზე თანამშრომლობს სხვა კვლევით ინსტიტუტებთან, მთავრობებთან, უნივერსიტეტებთან და კერძო სექტორთან საკუთარი ტექნოლოგიებისა და ექსპერტული კვლევების გადასაცემად. მართავს სამეცნიერო ინფორმაციის ცენტრს, რომელიც ეხმარება მკვლევარებს მონაცემებით, პუბლიკაციებით, პატენტებით და ტრენინგებით.
როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, საქართველოს შეუძლია ისარგებლოს წყლის გამოყენების მიმართულებით არსებული ინოვაციებით, განსაკუთრებით გვალვიანი რაიონებისთვის; მნიშვნელოვანია ვოლკანის ცენტრის მუშაობის გამოცდილების გაზიარება როგორც კლიმატის ცვლილებისთვის შესაფერისი ჯიშების განვითარებისთვის, ასევე, მოსავლის აღების შემდგომი დანაკარგების და საკვების ნარჩენების მართვის მიმართულებით. მინისტრმა ხაზი გაუსვა ვოლკანის ცენტრთან თანამშრომლობას - სტუდენტებისა და ფერმერების გადამზადებას გაცვლითი პროგრამებით და ერთობლივ სამეცნიერო კვლევებს.
პროფესორმა ბენი ჩეფეზმა მზადყოფნა გამოთქვა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
„ჩვენთვის პატივია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მასპინძლობა ვოლკანის ცენტრში. მზად ვართ, თანამშრომლობის გაღრმავებისთვის ჩვენ უნივერსიტეტსა და საქართველოს ყველა აგრარულ-სამეცნიერო დაწესებულებას შორის, რათა ხელი შევუწყოთ გამოცდილების გაზიარებას როგორც სურსათის, ასევე სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებებით”, - განაცხადა ბენი ჩეფეზმა.
ვოლკანის ცენტრში, დავით სონღულაშვილთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში ზაზა კანდელაკი და საქართველოს საპატიო კონსული მენი ბენიში ესწრებოდნენ.