შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან, რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ორი ტანკერი იწვის. ერთ-ერთი მათგანი, სავარაუდოდ, ნაღმზე აფეთქდა.
რუსული გამოცემა „იზვესტია“, თურქეთის საზღვაო საქმეთა მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ტანკერ Kairos-ზე“ აფეთქება მოხდა, რასაც მასშტაბური ხანძარი მოჰყვა.
ამასთაბ, თურქეთის ოფიციალურ პირებს გაუჭირდათ პასუხის გაცემა იმაზე, თუ რას შეიძლებოდა გამოეწვია აფეთქება.
„ჩვენ გამოვიყვანეთ ეკიპაჟის 25-ვე წევრი და ისინი ნაპირზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში გადავიყვანეთ. დაშავებულები ან გარდაცვლილები არ არიან“, - აღნიშნეს უწყებაში.
მათივე ცნობით, გემის ეკიპაჟი ძირითადად ჩინელებისგან შედგებოდა; ბორტზე რუსები არ იმყოფებოდნენ.
რუსები კი ამტკიცებენ, რომ ინციდენტის დროს ტანკერი ცარიელი იყო. თურქული სამაშველო გემები ამჟამად ცეცხლის ქრობის ოპერაციაში მონაწილეობენ.
ცოტა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ტანკერი VIRAT თურქეთის სანაპიროსთან ახლოს იწვის.
„ჩვენ არ ვიცით ინციდენტის მიზეზი. არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ მიზეზი შეჯახება ან, შესაძლოა, აფეთქება გახდა“, - განაცხადეს თურქმა ოფიციალურმა პირებმა.
Reuters-ის ცნობით, ორივე ტანკერი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია, რომელიც დასავლეთის ნავთობის სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენება. ამასთან, ორივე გემი უკვე შეტანილია სანქციების სიაში.
„ინფორმაციის თანახმად, გემი შესაძლოა ნაღმს დაეჯახა და ჩაიძიროს“, - წერს Reuters ტანკერ Kairos-ის შესახებ.