აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეროვნული გვარდიის წევრი და აშშ-ის არმიის სერჟანტი სარა ბეკსტრომი, რომელიც გუშინ ვაშინგტონში, თეთრ სახლთან მომხდარი სროლის დროს დაიჭრა, გარდაიცვალა. ამის შესახებ CNN იუწყება.
„დასავლეთ ვირჯინიელი სარა ბეკსტრომი, ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი წევრი, რომელზეც ვსაუბრობთ, უაღრესად პატივცემული, ახალგაზრდა, შესანიშნავი ადამიანი, ერვნულ გვარდიას 2023 წლის ივნისში შეუერთდა და ყველანაირად გამორჩეული იყო. ის ახლახან გარდაიცვალა,“ - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ბეკსტრომი ვაშინგტონში სროლის დროს მძიმედ დაიჭრა.
რაც შეეხება ეროვნული გვარდიის კიდევ ერთ დაჭრილ წევრს, ენდრიუ ვულფს, ტრამპმა განაცხადა, რომ „ახალგაზრდა კაცი სიცოცხლისთვის იბრძვის“.
„ის ძალიან მძიმე მდგომარეობაშია... ვიმედოვნებთ, რომ მის შესახებ უკეთეს ამბებს მივიღებთ,“ - თქვა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ადმინისტრაცია განიხილავს რაჰმანულა ლაკანვალის ოჯახის დეპორტაციას, რომელმაც, სავარაუდოდ, ვაშინგტონში ცეცხლი გახსნა.
კითხვაზე, აპირებს თუ არა ლაკანვალის ცოლ-შვილის დეპორტაციას, ტრამპმა უპასუხა: „ახლა ამას განვიხილავთ. ოჯახთან დაკავშირებულ მთელ სიტუაციას განვიხილავთ“.
ამასთან, CNN იუწყება, რომ ლაკანვალი მეუღლესთან და შვილებთან ერთად ვაშინგტონის შტატის ქალაქ ბელინგემში ცხოვრობდა, როგორც ამის შესახებ კოლუმბიის ოლქის პროკურორმა ჯანინ პირომ ადრე განაცხადა.
ის ავღანეთის მოქალაქეა, რომელიც, ოფიციალური პირების თქმით, შეერთებულ შტატებში 2021 წელს ჩავიდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შემდეგ განხორციელებული პროგრამის ფარგლებში.
29 წლის კაცი ადრე ავღანეთში ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსთვის მუშაობდა.
რამდენიმე სამართალდამცავმა ორგანომ CNN-ს განუცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მას თავშესაფარი აპრილში მიანიჭა.
შეგახსენებთ, ოთხშაბათს, ვაშინგტონში, თეთრი სახლთან ახლოს, ეროვნული გვარდიის ორი წევრი დაჭრეს.