შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვს, სატელეფონო საუბრისას ურჩია, თუ როგორ წარედგინა პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო გეგმა ვლადიმირ პუტინისთვის. იტყობინება გამოცემა Bloomberg-ი, რომელმაც გამოაქვეყნა უიტკოფისა და უშაკოვის სატელეფონო საუბრის 5-წუთიანი ჩანაწერი.
გამოცემის ცნობით, საუბარი 14 ოქტომბერს შედგა.
გავრცელებული ინფორმაციით, უიტკოფმა უშაკოვს ასევე ურჩია, სატელეფონო ზარი განეხორციელებინა თეთრ სახლში, ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტამდე.
სატელეფონო საუბრისას, უშაკოვი და უიტკოფი შეთანხმდნენ, რომ სასარგებლო იქნებოდა რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის გამართვა. ამასთან, უიტკოფმა რჩევები მისცა უშაკოვს, თუ როგორ უნდა წარემართა პუტინს ტრამპთან საუბარი.
უიტკოფმა შესთავაზა უშაკოვს, რომ პუტინს მიელოცა დონალდ ტრამპისთვის ღაზის სექტორში მიღწეული წარმატება. ამასთან, უიტკოფმა ურჩია უშაკოვს, რომ კარგი იქნებოდა, თუ პუტინი ეტყოდა ტრამპს, რომ მას პატივს სცემს, როგორც მშვიდობისმოყვარულ ადამიანს.
საუბრის დასასრულს, უიტკოფმა უშაკოვს აცნობა, რომ პრეზიდენტ ზელენკის თეთრ სახლში ვიზიტი 17 ოქტომბერს იგეგმებოდა და ურჩია, ამ დრომდე მოეხერხებინა პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბრის ორგანიზება. უშაკოვმა უპასუხა, რომ განიხილავდა ამ საკითხებს პუტინთან და კვლავ დაუკავშირდებოდა მას.
როგორც Bloomberg აღნიშნავს, უიტკოფსა და უშაკოვს შორის საუბრიდან ორი დღის შემდეგ, 16 ოქტომბერს, პუტინსა და ტრამპს შორის მართლაც შედგა სატელეფონო საუბარი - რუსული მხარის ინიციატივით. მოგვიანებით ტრამპმა ორსაათნახევრიან საუბარს „ძალიან პროდუქტიული“ უწოდა და გამოაცხადა პუტინთან ბუდაპეშტში შეხვედრის გეგმების შესახებ. თუმცა, ბუდაპეშტში შეხვედრის იდეა მალევე გაუქმდა.
საუბრის დროს სტივ უიტკოფმა ისაუბრა ასევე 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შემუშავების შესაძლებლობაზე, რომელიც იქნებოდა ღაზის სექტორში მიღწეული შეთანხმების მსგავსი.
უიტკოფმა ასევე აღნიშნა, რომ მას „ღრმა პატივისცემა“ აქვს პუტინის მიმართ.
„დონეცკი და შესაძლოა, ტერიტორიული გაცვლაც. მაგრამ ასე საუბრის ნაცვლად, მოდით, მეტი იმედით ვისაუბროთ, რადგან ვფიქრობ, რომ შეგვიძლია შეთანხმების მიღწევა. და ვფიქრობ, იური, პრეზიდენტი მომცემს მეტ თავისუფლებას და დისკრეციას შეთანხმების დასადებად“, - აღნიშნავს უიტკოფი.
21 ნოემბერს დასავლურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მოამზადა 28-პუნქტიანი სამშვიდობი შეთანხმების პროექტი. გავრცელდა ასევე შეთანხმების ტექსტიც, რომელთან დაკავშირებითაც საუბრობდნენ, რომ იგი მეტწილად რუსეთისთვის სასარგებლოდ იყო მომზადებული.
მოგვიანებით, 23 ნოემბერს ჟენევაში გაიმართა აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა განაცხადეს, რომ 28-პუნქტიანი გეგმა 19 პუნქტამდე შემცირდა. მედიის ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილება რთულ პუნქტებთან დაკავშირებით ტრამპისა და ზელენსის პირისპირ შეხვედრისას მიიღებენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პროექტის თავდაპირველ ვერსიას მიესალმებოდა. მისი თქმით, შესწორებული ვარიანტი უნდა შეესაბამებოდეს პუტინისა და ტრამპის ალასკაში მიღწეული ურთიერთგაგების სულისკვეთებას.